ზაზა გაბუნიამ ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გახსნა
ზაზა გაბუნიამ ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გახსნა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, საქართველოს პარლამენტში ჩატარებული „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალური ფორუმი გახსნა.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, ფორუმი ეძღვნება საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის თავს და პოსტსაბჭოთა პერიოდში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებიდან 20 წლის იუბილეს.

„ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის დეკემბერში საქართველოში დასრულდა თვითმმართველობის არჩევნები, მაშინდელი ტერმინით, საერობო არჩევნების პირველი ეტაპი 12 მაზრაში, რომლის საფუძველზე არჩეულ იქნენ. ეს არის განსაკუთრებულად აღსანიშნავი ფურცელი ჩვენი ისტორიისა, რადგან იმ რთული ვითარების გათვალისწინებით, რაც მაშინდელ მსოფლიოში სუფევდა, იმ რთული ვითარების გათვალისწინებით, რაც საქართველოს საზღვრებთან და საკუთრივ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, საქართველო ერთგული იყო დემოკრატიული აზრის, ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების და უნივერსალური საკაცობრიო ფასეულობების.

საქართველო მაშინაც ატარებდა დემოკრატიულ არჩევნებს ანუ ფლობდა სრულფასოვანი და შემდგარი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ძლიერ ნიშნებს. ჩვენ 100 წლის წინ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, ქართველი ხალხის ნებასთან ერთად ეფუძნებოდა დემოკრატიისადმი სრულ მზადყოფნას და საჭირო რეფორმების გატარების იდეას. იმის გააზრებას, რომ საქართველოს და მის ხალხს შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც სჭირდებოდა და სჭირდება სახელმწიფოს არსებობისთვის. ვეცნობით რა იმ ეპოქის აზრს დეცენტრალიზაციის, რეგიონების განვითარების და თვითმმართველობის შესახებ, ჩვენ გვეუფლება სიამაყე, რომელიც გამოწვეულია იმ დიდი ისტორიის, აზრის სიღრმის და პროგრესულობის გააზრებით, რაც არსებობდა მაშინ და რისი განხორციელების პერსპექტივასაც სამწუხაროდ მთლიანად მოუღო ბოლო ბოლშევიკურმა აგრესიამ”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაფუძნდა „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ მუდმივმოქმედი ფორუმი, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაძლიერების მაღალი დონის საკონსულტაციო მექანიზმი.

გაბუნიას თქმით, დიალოგი და ინტენსიურობა, არის სწორედ ცნებები, რომლის დეფიციტი და უკმარისობა იგრძნობოდა.

„ვფიქრობ ფორუმმა, რომელიც უკვე მესამედ ტარდება, ხელი შეუწყო ინსტიტუციური დიალოგის და თანამშრომლობის გაძლიერებას. ფორუმი მნიშვნელოვანია, რადგან მის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარები, მინისტრები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, გუბერნატორები, ექსპერტები ერთ სივრცეში ვმსჯელობთ საქართველოს რეგიონების და მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დღემდე ჩვენ განვიხილეთ უამრავი საკითხი, დაკავშირებული ინტერმუნიციპალურ კავშირებთან, უფლებამოსილებების სტანდარტებთან, ფისკალურ თემატიკასთან და სხვა დღევანდელ დღეს კი, გენერალურ ფორუმზე ჩვენ დროს მთლიანად დავუთმობთ დეცენტრალიზაციის რეფორმას და მასთან დაკავშირებულ მთავარ საკითხებს”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ფორუმი საქართველოს პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება და მასში მონაწილეობას სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ელჩები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.