ზაზა გაბუნია - ვფიქრობ, საქმე საქმეზე როცა მიდგება და საპარლამენტო განხილვებს დავიწყებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება
ზაზა გაბუნია - ვფიქრობ, საქმე საქმეზე როცა მიდგება და საპარლამენტო განხილვებს დავიწყებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება

​მაინც მგონია, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგება, საპარლამენტო განხილვებს და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე დებატებს დავიწყებთ, მას მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

„შექმნილი ვითარების, პანდემიისა და ახალი რეალობის მიუხედავად, არც ერთი ნორმა თუ წესი, რომელიც დადგენილია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, არ შეიცვლება და არ გადაიხედება. მმართველი უმრავლესობისა და ხელისუფლების მიერ ეს წესი სრულად იქნება დაცული. განხორციელდება როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვა იმ ფორმატში და შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც ახლა, პანდემიის ვითარებაში არსებობს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, საკითხზე სრულფასოვანი საპარლამენტო განხილვა შედგება.

„რაც შეეხება მხარდაჭერას, ველოდები, რომ საკითხი, რომელიც მუდმივად იყო ქართულ პოლიტიკურ კლასში პარტიებს შირის დისკუსიისა და დაპირისპირების საგანი, საკითხი, რომელიც ახლა მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მიღწეულია საკითხის შეთანხმება, ვფიქრობ, არ გაცრუვდება. თავად არ დააზიანებენ ოპოზიციური ძალები საკუთარ თავს ამ ინიციატივის არმხარდაჭერით, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისა და საარჩევნო პროცესისათვის“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მისი თქმით, ოპოზიციას ერთგვარი ხელოვნური პოზიცია აქვს, მათ მიერ დასახელებული მიზეზი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, რადგან გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი და საერთოდ, ქვეყანაში პოლიტპატიმარი არავინ არის.

„ამ მიზეზის წინ წამოწევა იმის გამო, რომ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს მხარი არ დაუჭირო, არის მიზეზების ძებნა საკუთარ თავში, მერე ამომრჩევლისთვის ამ აბსურდული მიზეზების შეთავაზება. მე მაინც მგონია, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგება, საპარლამენტო განხილვებს და ამ საკითხზე დებატებს დავიწყებთ, მას მხარდაჭერა ექნება. ყოველ შემთხვევაში ისეთი მხარდაჭერა, რომელზეც ეს ცვლილებები გავა და კონსტიტუციაში ცვლილებები შევა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.