ზაზა გაბუნია კელი დეგნანს - ჩვენი მეგობრობა ღირებულებებს ეფუძნება, რაც მას ურყევობას და განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას სძენს
ზაზა გაბუნია კელი დეგნანს - ჩვენი მეგობრობა ღირებულებებს ეფუძნება, რაც მას ურყევობას და განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას სძენს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მას შემდეგ, რაც 1992 წლის 23 აპრილს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დაარსდა, საქართველომ და ამერიკამ შექმნეს თანამშრომლობისა და პარტნიორობის დიდი, ძლიერი, ნაყოფიერი და მდიდარი ისტორია. ვულოცავ ელჩ დეგნანს, რომელმაც ამ მოკლე დროში განსაკუთრებული ენერგიულობით სრულფასოვნად და შესანიშნავად აჩვენა ქართული სახელმწიფოს იდეალებისა და ქართველის ხალხის ინტერესებისადმი ერთგულება.

პირველი, რაც ამერიკასთან დაკავშირებით გვახსენდება, ეს სიტყვა – „თავისუფლებაა“. სწორედ ეს არის 244 წლის წინ დღევანდელ დღეს მიღებული დეკლარაციის მთავარი სიტყვაც.

თავისუფლების იდეა არის ის, რაც აკავშირებს ჩვენს ორ ერს და ამ იდეის მხარდაჭერაში გამოიხატება კიდეც ის ერთობლივი საქმიანობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციასა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას გულისხმობს.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც საქართველოს მოქალაქე მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებულ შტატებს კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის სრულყოფისათვის გაწეული სამუშაოსთვის, თავდაცვის და უსაფრთხოების, პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო სამსახურის გაძლიერების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობის, კულტურული, საგანმანათლებლო და წიგნების თარგმნის პროგრამებისათვის. მთავარი გზების მშენებლობის და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებისათვის.

ჯანდაცვის სექტორის ქმედუნარიანობის გაძლიერების, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ახალგაზრდა ლიდერებისათვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შექმნისათვის. ჩვენი მეგობრობა ღირებულებებს ეფუძნება, რაც მას ურყევობას და განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას სძენს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ელჩ დეგნანს, საელჩოსა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეს“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ზაზა გაბუნიამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

დატოვე კომენტარი