ზაზა გაბუნიამ მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა
ზაზა გაბუნიამ მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ეს ცვლილებები მიზნად ისახავს მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და გაუმჯობესებას, ამასთან ამ პოლიტიკის უფრო ეფექტურად განხორციელებას. კანონმდებლობის მოქმედი რედაქციით აღნიშნული შესაძლებლობები უკვე გააჩნია თვითმმართველ ქალაქებს და მნიშვნელოვანია ის გადაეცეს სხვა მუნიციპალიტეტებსაც“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას. კანონის მოქმედი რედაქციით, განსაზღვრულია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ხოლო ნებართვები გაიცემა მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში. აღნიშნული დანაწესი ეწინააღმდეგება კოდექსს, ვინაიდან, კოდექსი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას“ და არ ახდენს მუნიციპალიტეტების დიფერენციაციას თვითმმართველ ქალაქებად და თვითმმართველ თემებად.

კანონპროექტის მომზადების მიზანს კი სწორედ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.