საქართველო შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყანა გახდა
საქართველო შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყანა გახდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 54-ე სხდომაზე, რომელიც 19-21 ნოემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სოფიაში გაიმართა, საქართველო ასამბლეის პრეზიდენტი ქვეყანა ექვსი თვით გახდა.

საქართველოს სახელით ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ მიიღო და ასამბლეის წევრი სახელმწიფოების დელეგატებს სიტყვით მიმართა.

ასამბლეის განხილვის მთავარ თემას „ევროკავშირისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თანამშრომლობის პერსპექტივები“ წარმოადგენდა.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველომ ბულგარეთისგან  მომდევნო ექვსი თვის ვადით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა გადმოიბარა.

„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, საქართველოს სახელით მიმეღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა. ეს არის მნიშვნელოვანი ფორუმი ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. რასაკვირველია, ჩვენი დემოკრატიული ინიციატივების მხარდაჭერის თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის სახელმწიფოები საქართველოს  უმთავრესი ამოცანის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის გაერთიანების საქმეში იყვნენ ჩვენ ირგვლივ, ჩვენი ამოცანების, ჩვენი ინტერესების, ჩვენი სახელმწიფო ამოცანების და ქვეყნის ინტერესების ირგვლივ. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ ასამბლეის თავმჯდომარეობა და საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ აქტიური როლი გვაქვს ამ ასამბლეის საქმიანობაში”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

2020 წელს საქართველო, როგორც ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სესიას უმასპინძლებს.​

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.