ზაზა გაბუნია - გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის მიზანია, გაითამაშონ სპექტაკლი, რომლითაც ამომრჩეველს მოატყუებენ
ზაზა გაბუნია - გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის მიზანია, გაითამაშონ სპექტაკლი, რომლითაც ამომრჩეველს მოატყუებენ

მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია რეალურად კი არ აკრიტიკებენ ერთმანეთს, არამედ აქებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ მიხეილ სააკაშვილსა და „ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ოპონენტები საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პოპულისტურ ნაბიჯებს დგამენ, მათ შორის იყენებენ რელიგიას საარჩევნო მიზნებისთვის.

„ეს არის მეტყველების ენა. რეალურად კი არ აკრიტიკებენ, ან აძაგებენ ერთმანეთს, არამედ – აქებენ. მათი მიზანია, გაითამაშონ სპექტაკლი, მიზანსცენა, რომლითაც მოატყუებენ, შეცდომაში შეიყვანენ ამომრჩეველს. ეს არის პოლიტიკური შამანობა ნადირობის წინ, რადგან ისინი არჩევნებს განიხილავენ, როგორც ნადირობის პროცესს. ამომრჩეველს, სამწუხაროდ, განიხილავენ, როგორც მოსანადირებელ ერთეულს. ამიტომ მიდიან და მოდიან ნებისმიერ პოპულიზმზე, მათ შორის რელიგიის ექსპლუატაციაზე,  რელიგიის გამოყენებაზე საარჩევნო მიზნებისთვის. ვფიქრობ, ამის შეფასება მოსახლეობას არ გაუჭირდება”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს „ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არ არის მომხრე გამოთქმის – “ივანიშვილი ციხეში”, რასაც მის მიმართ კრიტიკა მოჰყვა. გიგა ბოკერიამ ყოფილი თანაგუნდელის კრიტიკას დღეს უპასუხა და თქვა, რომ „მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება მათ, ვინც მას ებრძოდნენ იმავე მეთოდებით, როგორც თვითონ მოქმედებს დღეს”.