რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა, რომელსაც ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა, უსახლკარო პირთა მხარდაჭერის პოლიტიკისთვის დოკუმენტის შესამუშავებლად მუშაობა დაასრულა.

ზაზა გაბუნიამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ სუბიექტს, სახელმწიფო უწყებებს, მუნიციპალიტეტებს, სახალხო დამცველის ოფისსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებმაც თავისი აქტიური წვლილი შეიტანეს თემატური ჯგუფის მუშაობაში.

„შემუშავებულია საკმაოდ სოლიდური და სრულფასოვანი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ მიმოიხილავს და აფასებს იმ ვითარებას, რომელიც ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს ქვეყანაში, მეორე მხრივ კი ამ დოკუმენტში გამოკვეთილია ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც საქართველოში უსახლკარობის პრობლემებს უკავშირდება დაწყებული ტერმინით და დეფინიციით, გაგრძელებული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ფუნქციების გადანაწილების საკითხით, დასრულებული სერვისებზე ხელმისაწვდომობით“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, დოკუმენტში განსაზღვრულია რეკომენდაციები, რომლებიც მიემართება როგორც საქართველოს პარლამენტს, ისე მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს.

„მოგეხსენებათ, რომ უსახლკარო პირთათვის სათანადო პოლიტიკის არსებობა, მათთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება გახლავთ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება, ამავდროულად, საქართველოს მთავრობას ღია მმართველობის პარტნიორობის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს ექნება სრულფასოვანი დოკუმენტი უსახლაკრობის პრობლემის მართვისათვის, რომელმაც თანდათანობით უნდა უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში ამ პრობლემის დაძლევა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში „საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ შექმნილი თემატური მოკვლევის საპარლამენტო ჯგუფი საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მუშაობას.

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი