ზაზა გაბუნია რუს დეპუტატებს - გაათავისუფლეთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, თუ გსურთ, თავად გათავისუფლდეთ მძიმე პასუხისმგებლობისგან
ზაზა გაბუნია რუს დეპუტატებს - გაათავისუფლეთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, თუ გსურთ, თავად გათავისუფლდეთ მძიმე პასუხისმგებლობისგან

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაზე გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ აქ არიან ის რუსი კოლეგები, რომლებიც ამ ორგანიზაციის ფარგლებში უბრალოდ გვეთამაშებიან ცივილიზებულ ურთიერთობებს და თამაშობენ მეგობრობას. სინამდვილეში კი, თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები იტანჯებიან ოკუპირებული ცხინვალის ციხეში. კატეგორიულად ვაყენებ ამ საკითხს, როგორც რუსეთის ფედერაციის დუმის წევრების, ისე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტარების წინაშე“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

დეპუტატმა მიმართა საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებს, დაუდგნენ საქართველოს გვერდით, რათა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გამოხსნა მოხდეს და საქართველოს მოქალაქეები დაცულნი იყვნენ რუსული აგრესიისგან.

„გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება მოვლენების განვითარებას და გააკეთოთ ყველაფერი, რათა ექიმი მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრუნდეს სახლს და ახლობლებს. ბატონო გენერალურო მდივანო, ბატონო და ქალბატონო კოლეგებო, მხოლოდ ასე იქნება ეს ორგანიზაცია წარმატებული და შედეგიანი. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს, სამწუხაროდ, სწორედ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და ნებისმიერი უკანონობა, მათ შორის ესეც, მათი პასუხისმგებლობაა. თუ რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს ამ ორგანიზაციას და მის წესდებას, მაშინ, დუმისა და ფედერაციის საბჭოს აქ წარმოდგენილო წევრებო, გაიღეთ თქვენი ძალისხმევა ექიმის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი არის ექიმი, რომელიც 2008 წლის ომის დროს მკურნალობდა როგორც ქართველებს, ისე დაჭრილ რუს სამხედროებს.

„საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე უკრაინაში თქვენ, რუსეთის ფედერაცია, ახორციელებთ შუასაუკუნეობრივ, ძალადობრივ და ბნელ პოლიტიკას. რუსეთის ფედერაციამ იქ მოაწყო ქართველთა გენოციდი და დღესაც აგრძელებს ქართველთა სიძულვილით მოტივირებულ საქმიანობას, რომლის მსხვერპლია არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და აქ კი, ამ ასამბლეაზე თავმომწონეობთ, თითქოს ცივილიზებული პოლიტიკის მომხრეები იყოთ. არ შემეძლო, ეს არ აღმენიშნა, რადგან თუ ვამბობთ, რომ ეს ასამბლეა აქ გაწევრიანებული სახელმწიფოების ურთიერთმხარდასაჭერადაა, მაშინ ასეთ მტრულ პოლიტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თუ არადა, უარი თქვით ფარისევლობაზე. კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელები – არჩილ ტატუნაშვილი და და გიგა ოთხოზორია. მნიშვნელოვანია, რომ მათი სახელები დღეს აქ ისმის, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ ვერასდროს გაიგონებთ მათ ხმას, რადგან ისინი რუსულმა აგრესიულმა პოლიტიკამ შეიწირა, რომლის წარმომადგენლები, აი, ეს ხალხია, აქ დუმის სახელით ჩვენს შორის მყოფნი. ძვირფასო მეგობარო სახელმწიფოების წარმომადგენლებო, თქვენ ჩვენთან ერთად უნდა ამხილოთ რუსული პოლიტიკა, რომ ხვალ თქვენ არ გახდეთ ამ აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლი“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ სოფიაში სიტყვით გამოსვლისას.