ზაზა გაბუნია - ვერც ერთი კვლევა ვერ გაექცეოდა იმ ტენდენციებს, რაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ უპირატესობაზე
ზაზა გაბუნია - ვერც ერთი კვლევა ვერ გაექცეოდა იმ ტენდენციებს, რაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ უპირატესობაზე

ვერც ერთი მკვლევარი და კვლევა ვერ გაექცეოდა იმ ტენდენციებს, რაც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ უპირატესობაზე, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„მეორე მხრივ, იმ ცვლილებებზე და პოზიტიურ დინამიკაზე, რომელიც ბევრი მიმართულებით გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, NDI-ის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ქართული სახელმწიფოს განვითარების პროცესში, მაგრამ იგივე ნამდვილად არ ითქმის იმ ადგილობრივ ქართულ ორგანიზაციაზე, რომელიც NDI-ის მიერ არის დაქირავებული და, რომლის საქმიანობაში უკვე მერამდენედ შეიმჩნევა საკუთარი მიკერძოებული პოლიტიკური სურვილების მორიდებულად, მორცხვად გამოთქმის, დაკანონების და თავსმოხვევის მცდელობა.

„ეს ორგანიზაცია მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად ცდილობს, კვლევამ ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენა იქონიოს. ეს მისი სტილისტიკა, ხელწერაა. ეს მცდელობა თვალნათლივ, დაუფარავად იკითხება, მაგრამ ცხადია, ის ამას ვერ მოახერხებს. კვლევა ამას ვერ შეძლებს. დიდი დოზით არის მცდელობა, დანაწევრებული, კონტექსტშეცვლილი ფორმულირებით საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ თითქოს, ქვეყანაში არაფერი არ იცვლება და სტაგნაციაა“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ კითხვების დასმის ტექნიკაც გააკრიტიკა, რომელსაც მისი თქმით, კვლევის შემსრულებელი ორგანიზაცია იყენებს.

„მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კითხვები ისეა დასმული, რომ არის მცდელობა, გამოკითხულთა პასუხებიდან რამენაირად უარყოფითი ტენდენცია გამოდნეს. ეს მცდელობა პრაქტიკულად, ჩავარდა და ვერ მოხერხდა, რადგან საზოგადოება ცალსახად ნდობას უცხადებს როგორც საარჩევნო პროცესს და მის შედეგებს, ასევე საპრეზიდენტო ინსტიტუტს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტენდენციების თავსმოხვევის მცდელობა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ამავდროულად, ხელის გულზე დევს სინამდვილე, რომელთანაც თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიური, აქტიური შეხება აქვს და ამას ვერანაირი მცდელობით ვერ გადაასხვაფერებდნენ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ის ტენდენციას, რომ გამოკითხვიდან გამოკითხვამდე პარტია „ქართული ოცნების“ პროცენტული მაჩვენებელი არც იზრდება და არც მცირდება და არის თუ არა ეს საკმარისი, რადგან კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 27%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს რეალობის მოკრძალებულად ჩვენების მაგალითია.

„დიახ,„ქართული ოცნება“ საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს. მე არ ვაპირებ წარმატებებზე კეკლუცობას, ან თავმომწონეობით სტილში საუბარს. ეს არის ფაქტი და მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.