ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ჰქონდა ძალიან ვულგარული შეფასებები ბიუჯეტზე საუბრისას, ეს შეფასებები კი, ძალიან შორს იყო საბიუჯეტო საკითხებისგან, – ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას აღნიშნა, რამდენადაც ვულგარულად უნდა გამოიყურებოდეს ოპოზიცია თავის შეფასებებში, თავის ქმედებებში, ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა მოწოდებულია, იხელმძღვანელოს სახელმწიფოს ამოცანებით.
„ყურადღებით ვუსმენდი ოპოზიციას და დღევანდელი განხილვებიდან გამოჩნდა, რომ ოპოზიცია უბრალოდ დაიკარგა ბიუჯეტში. თქვენ არ საუბრობთ მთავარზე, თქვენ არ საუბრობთ ბიუჯეტზე, თქვენ აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, მაგრამ აქ არსად არ ჩანს ბიუჯეტი. თითქოს სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ფილმიდან ხატავთ რაღაც საშინელ სურათს, თითქოს არის ქვეყანა, საიდანაც გამოსავლის გზებს გვთავაზობთ, ფილანტროპიული მოწადინებით და აღტკინებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ იგივეს სრულ სიცარიელეს, სრულ ლუფტსა და სრულიად არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას. თქვენ რომ თვალი გაუსწოროთ ამ რეალობას, ის სურათი, რომელსაც ხატავთ, არის აბსოლუტურად უადგილო რეალობასთან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში“ – მიმართა ზაზა გაბუნიამ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, ოპოზიციას არ სიამოვნებს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება.
„ეს პარლამენტის ტრიბუნის სპეკულირებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა იყო. ოპოზიციას, როგორც ჩანს, არ მოსწონს, რომ მოქალაქეს აღარ სჭირდება პარტიული ბილეთი, რათა მიიღოს წამალი. მე მინახავს ფურცელის, სადაც საჭირო იყო წინა მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის ხელმოწერა და საარჩევნო უბნის ადმინისტრაციის ხელმოწერა, რომ ადამიანს ესარგებლა მუნიციპალური სერვისებით. ან შეიძლება ოპოზიციას არ მოსწონს, რომ შენდება აეროპორტები, გზები, ხიდები, ესტაკადები, ხდება წლების განმავლობაში დავიწყებული სოფლების და შესაბამისად იქ მცხოვრები ადამიანების და მათი დასახლებების გაზიფიცირება და მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ოპოზიციას არც ის ესიამოვნება, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და სხვათა შორის ამის დასტურად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა და უამრავი სხვა ინდიკატორი ამ ჩემი სიტყვების გასამყარებლად, მათ შორის ის საკრედიტო რეიტინგები, რომელზეც იყო ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში საუბარი.
რამდენადაც ვულგარულად უნდა გამოიყურებოდეს ოპოზიცია თავის შეფასებებში, თავის ქმედებებში, ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა მოწოდებულია, იხელმძღვანელოს იმ ამოცანებით, რაც აქვს სახელმწიფოს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება დაკავებულია საქმის კეთებით და ამ საქმეების შედეგები არის სახეზე.
„თქვენს თვალწინაა, ქალბატონებო და ბატონებო, მაგალითად ის, რომ ტურიზმიდან საქართველოს ეკონომიკაში გენერირებულმა შემოსავლებმა შეადგინა და გადააჭარბა 2 მილიარდ-ნახევარ დოლარს. ქვეყნის ხელისუფლების გაკეთებული საქმის შედეგი გახლავთ ის, რომ პირველ სამ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს მილიარდ 300 მილიონს, ხვდებით ხომ რას ნიშნავს ისტორიული მაქსიმუმი, იმას, რომ არც ერთ სხვა ხელისუფლებას, მათ შორის არც თქვენსას ასეთი მიღწევა არ ჰქონია.
ამ შრომის შედეგია, რომ წარმატებით განხორციელებული საგადასახადო რეფორმა გვაქვს, ამავე მიდგომის შედეგია ის, რომ საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით საქართველო გაუთანაბრდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, თუმცა რასაკვირველია ვერც მთავრობას და ვერც საპარლამენტო უმრავლესობას ვერ გვექნება თვითკმაყოფილება მიღწეულით, არის მთელი რიგი საკითხები რასაც სჭირდება მეტი საბიუჯეტო ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ კარგი გახდეს საუკეთესო.
ჩვენ მადლობას ვეუბნებით ყველა მინისტრს გაწეული სამუშაოსათვის და მათგან ველით კიდევ უფრო მეტ და უფრო მზარდ შედეგებს მომდევნო საბიუჯეტო წელს.
მადლობა მინდა ვუთხრა ფინანსთა მინისტრს სრულფასოვანი პრეზენტაციისთვის და არა მარტო ბიუჯეტის შესახებ სრულფასოვნად წარმოდგენილი ხედვისთვის, არამედ დღეს მან წარმოადგინა საფინანსო და ეკონომიკური მიმართულების რეფორმების ხედვაც. ვფიქრობ მოსახლეობამ დაინახა რამდენად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას იმ რესურსების მიმართ, რომელიც აქვს სახელმწიფოს“, – განცხადა ზაზა გაბუნიამ.