ზაზა გაბუნია - პარლამენტარის როლი არ შეიძლება ყოფილიყო ის, რაც ნიკა მელიამ და სერგო რატიანმა თავის თავზე აიღეს
პარლამენტარის როლი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავის თავზე აიღეს, როცა ბატონი ნიკა მელია და სერგო რატიანი ადგილობრივ დეპუტატებს შუბლ და ცხვირმიბჯენილი საქმეს ურჩევდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლობის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გუშინ ჩავიდნენ იქ და თითქოს, როგორც ავტორიტეტებმა და რაღაც პოლიტიკური წონის მქონე ადამიანებმა საქმე მოაგვარეს. საკითხავია, ესკალაცია რატომ მოხდა. რეალურად იმიტომ, რომ მათი განზრახული ამოცანა იყო, იქ დაპირისპირების ახალი კერა გამჩდარიყო“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილისტიკა ერთია.
„კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მათ ჩვენ უნამუსოები გვიწოდეს. ასეთი ფრაზის წინაპირობა და საფუძველი ის არის, რომ მერე დაახლოებით ასეთი რამ ჩვენ ვუწოდოთ, მერე მათ გვიწოდონ, მერე ხელი გამოვიღოთ და ერთმანეთს ასე დავუპირისპირდეთ, მაგრამ საკომიტეტო სხდომებზე გადაწყვეტილებები ასე არ მიიღება“, – განაცხადა გაბუნიამ.
როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ადამიანი, რომელსაც სურს, ამ პროცესში პრობლემის დაძლევის მიზნით პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა განაპირობოს, ასეთი ტექსტებით არ ლაპარაკობს.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარება, ეგზისტენციალური, სასიცოცხლო პრობლემები გვაქვს და ამ ფონზე პარლამენტის წევრი იმითაა დაკავებული, რომ დაპირისპირება გააჩაღოს. ამით ოკუპანტებს რას ვაჩვენებთ?! ან რას ვაჩვენებთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჩვენგან გონივრულ აზროვნებას ელის?!“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.