ზაზა გაბუნია მზად არის, ბორჯომში მიმდინარე პროცესების საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდეს
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ბორჯომში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდეს.
როგორც ჟურნალისტებს გაბუნიამ განუცხადა, მმართველი გუნდი მზად არის, მოისმინოს, ოპოზიცია რა წინადადებას შესთავაზებს.
“მათ მიერ გახმოვანებული წინადადების საპასუხოდ ჩვენს პოზიციას მოგახსენებთ. “ევროპულმა საქართველომ” კონსულტაციების გამართვის საკითხი დააყენა, რაზეც დავთანხმდით. მსგავსი საკითხით “ნაციონალურ მოძრაობას” არ მოუმართავს, შესაბამისად, მათ არ დავკავშირებივართ. მედიით გაცხადებულია, რომ ასეთი სხდომა დღეს შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ოპოზიციონერს შევხვდებით.
გუშინ, ნაციონალების მხრიდან სრული დესტრუქცია ვნახეთ, მათ შორის ეს რიტორიკაში იყო გამოხატული. მათ კონსულტაცია ყავისა და ჩაის დასალევად წამოუდგენიათ. როგორც ჩანს, ისინი ამ საკითხს არასერიოზულად უყურებენ და არასერიოზული შეხვედრისთვის მზად არ ვართ”, – განაცხადა გაბუნიამ.
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში “ევროპული საქართველოსა” და უმრავლესობის წევრების შეხვედრა დღეს 16:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა შეხვედრა რამდენიმე წუთით გადაიდო.