ზაზა გაბუნია - მოსმენებმა აჩვენა ის საფუძვლები თუ მიზეზები, რის გამოც წარმოდგენილი გუნდი და პროგრამა იმსახურებს პარლამენტის მხარდაჭერას
მოსმენებმა აჩვენა ის ძირითადი საფუძვლები თუ მიზეზები, რის გამოც წარმოდგენილი გუნდი და პროგრამა იმსახურებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მხარდაჭერის გამოცხადებას, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებთან სამთავრობო პროგრამის შეფასებისას განაცხადა.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ის აქცენტები, რომლებიც ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებმა საკუთარ ანგარიშებში გააკეთეს, როგორებიცაა დეცენტრალიზაცია და მსხვილი კაპიტალური პროექტები. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შენარჩუნებული აქვს ყველა მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პროგრამა, რომელიც ახლახან დაამტკიცა, მოიწონა და ამის გამო მხარდაჭერა გამოუცხადა მთავრობას პარლამენტმა. მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი ინარჩუნებს ყველა მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რომელიც გახდა თავის დროზე ნდობის გამოცხადების საფუძველი საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის რეფორმა, მსხვილი კაპიტალური პროექტები. პრიორიტეტები, რომლებიც ჩვენ მაღალმთიან რეგიონებში გვქონდა, მათ შორის წყალმომარაგების ნაწილში, არის ადგილზე და შენარჩუნებული. მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის, ასევე ეკონომიკის მინისტრისგან გამახვილებული აქცენტები, რომ რეგიონებში ადგილზე ეკონომიკური პროცესების სტიმულირებისთვის არის დაგეგმილი პროექტების განხორციელება. მნიშვნელოვანია, მივაღწიოთ იმას, რომ რეგიონები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახდეს მიმზიდველი ადგილი როგორც საცხოვრებლად, ასევე სამუშაოდ. მთლიანობაში შევაფასებ როგორც ძალიან საქმიან განხილვებს. არის ყველა წინაპირობა, რომ მთავრობის წარმოდგენილმა გუნდმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მიიღოს მხარდაჭერა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.