ზაზა გაბუნია - კორუფციის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უკომპრომისო, შეუწყნარებელი პოზიცია აქვს
ზაზა გაბუნია - კორუფციის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უკომპრომისო, შეუწყნარებელი პოზიცია აქვს

კორუფციის მიმართ საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უკომპრომისო, შეუწყნარებელი პოზიცია აქვს, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„არსებობს ფაქტი, არსებობს რისკი და იქ არსებობს კანონის სრული სიმკაცრით ამოქმედების უამრავი პრეცედენტი. ეს ეხება ყველას, იმის მიუხედავად, პოლიტიკური გუნდის წევრია, ამა თუ იმ პარტიის სახელით არის არჩეული, თუ პოლიტიკის მიღმაა და ა.შ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ განცხადებით ზაზა გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა მმართველი გუნდისთვის დამაფიქრებელი NDI-ის კვლევის შედეგები, რადგან გამოკითხულთა 34% ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა გავრცელებული.

შეკითხვაზე, საჭიროა თუ არა ამ მიმართულებით ზომების გამკაცრება, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ პროცესში მუხლის მოსუსტება, დაღლა და დაქანცვა არ შეიძლება, რადგან საუბარია სახელმწიფოზე, სახელმწიფო რესურსებზე და სამოხელეო კულტურაზე, თუ პრაქტიკაზე.

„სისუსტეები, ცდუნება, თუ გარკვეული რისკები არსებობს ყველა სახელმწიფოში და ბუნებრივია, არავინ აპირებს, თვალი მოუხუჭოს, ან ამ საკითხთან დაკავშირებით, წარსული წარმატებებით იამაყოს. ეს ყოველთვის იქნება ჩვენი სახელმწიფოს და ხელისუფლების ტოპ პრიორიტეტებში, რადგან კორუფცია სახელმწიფოს განგრენაა. ის სახელმწიფო აპარატს ასუსტებს და ნებისმიერ პერსპექტივას კლავს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, იმას, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებას რეალური, ხელშესახები წარმატებები აქვს, მათ შორის, ირიბად, NDI-იც ადასტურებს, როდესაც ლაპარაკობს, რომ ევროკავშირის მიმართულებით, გაწევრიანების პოლიტიკის თვალსაზრისით, პროგრესი გვაქვს, რადგან კორუფციის დამარცხების, მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის გარეშე შეუძლებელია, სახელმწიფო ამ წარმატების მომპოვებელი გახდეს, რასაც ევროკავშირში წევრობა ჰქვია.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მაღალი დონის საერთაშორისო მკვლევარი ორგანიზაციების კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში წარმატებები აქვს და ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში საუკეთესო ოცეულშია.

„ჩვენ ველოდით, რომ ამ პოლიტიკის წარმატებულობა ამ კვლევაშიც აქტიურად იქნებოდა გამოსახული. თუმცა, ეს არაფერია. შეუძლებელია, კვლევას ჭეშმარიტებაზე ჰქონდეს პრეტენზია და ჭეშმარიტებაზე სრულად გველაპარაკებოდეს, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც თმაგაშლილი და ისტერიკის ბოლო სტადიაში მყოფი ოპოზიცია ამას ეყრდნობა, როგორც საყოველთაო ჭეშმარიტებას. თუმცა, ეს მათი საქმეა და მათი გემოვნების საკითხია. ამ გემოვნებისთვის ნიშნებს ამომრჩეველი წერს არჩევნებზე და ეს ასეც იქნება მომავალში“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.