ზაზა გაბუნია - ჩვენი სურვილია, რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ სულ უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს მიმზიდველი
რეგიონებში ძალიან ბევრი საქმეა, ჩვენი ამოცანაა, აღმოვფხვრათ რეგიონული უთანაბრობა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს რეგიონები მიმზიდველი საცხოვრებლად და სამუშაოდ სულ უფრო მეტი მოქალაქისთვის უნდა გახდეს.
„პრემიერ-მინისტრს აქვს სრული მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი უფლებამოსილება, რომ მის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ფარგლებში, თავად შეარჩიოს ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკას კარგად განახორციელებენ რეგიონში. ზოგადად, რეგიონებში ბევრი საქმეა, ჩვენი ამოცანაა, აღმოვფხვრათ რეგიონული უთანაბრობა, ჩვენი სურვილია, სულ უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს საქართველოს რეგიონები მიმზიდველი საცხოვრებლად და სამუშაოდ. ეს ყველაფერი შესაძლებელია იმ გეგმების განხორციელების პირობებში, რაც პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის თვალსაზრისით დაანონსა, ასევე რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის და შესაძლებლობების კარგად გამოყენების და ათვისების პირობებში“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი შეფასებით, აღნიშნულ პროცესებში გუბერნატორებს მნიშვნელოვანი როლი ექნებათ.
„ამავდროულად, გუბერნატორებმა უნდა იქონიონ ძალიან ძლიერი ხიდის ფუნქცია მთავრობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, რადგან ნებისმიერი პრობლემის მოგვარება და გადაჭრა არის შესაძლებელი ხალხთან ძლიერი, მუდმივი კომუნიკაციის პირობებში. წარმატებებს ვუსურვებ ახალ რწმუნებულებს ამ პროცესში და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
საქართველოს შვიდ რეგიონს ახალი გუბერნატორები ჰყავს. ახალი რწმუნებულები პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.