გიორგი გახარიამ გუბერნატორებს მიმართა - კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება თქვენი პასუხისმგებლობაა
გიორგი გახარიამ გუბერნატორებს მიმართა - კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება თქვენი პასუხისმგებლობაა

ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებების რეგიონულ დონეზე აღსრულება თქვენი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი გახარიამ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი, კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ადგილზე თქვენ მზად იყოთ რამდენიმე კრიტიკული ფუნქციის შესასრულებლად. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, როგორიცაა რესტორნების, ფიტნესკლუბების, თუ სპაცენტრების მუშაობის შეჩერება, მათი სასწრაფოდ აღსრულება რეგიონულ დონეზე, რა თქმა უნდა, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, თქვენი პასუხისმგებლობაა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე იზღუდება როგორც რეგიონებში, ისე საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა.

პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტინად აღსრულდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ყველა სხვა რეკომენდაცია.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულები შესაბამის უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმოქმედებენ.