ზაზა ჩაჩანიძე - თუ დამლაგებლები და მასწავლებლები ხელფასს არ იღებენ, ამის შესახებ თავიანთ მერს მოსთხოვონ
ზაზა ჩაჩანიძე - თუ დამლაგებლები და მასწავლებლები ხელფასს არ იღებენ, ამის შესახებ თავიანთ მერს მოსთხოვონ

თუ დამლაგებლებსა და მასწავლებლებს ხელფასი არ ეძლევათ, მათ ამის შესახებ თავიანთ მერს მოსთხოვონ, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, – ამის შესახებ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„2018 წლის ბიუჯეტი ორი თვის წინ დავამტკიცეთ. ესენი აიპ–ებია და თუ მუშა–მოსამსახურეები ხელფასს ვერ იღებენ, ესე იგი, ეს აიპ–ები და ამ სამსახურის უფროსები გამართულად ვერ მუშაობენ.

საკრებულო საკანონმდებლო ორგანოა, აღმასრულებელი ხელისუფალი კი მერია და თუ აიპ–ები არ მუშაობენ და დამლაგებლები, მასწავლებლები და ა.შ. ხელფასს ვერ იღებენ, ეს მერიის პასუხისმგებლობაა. საკრებულო ამაში ვერანაირად ვერ ერევა. ჩვენ ბიუჯეტი დავამტკიცეთ, რომელიც მათ უნდა განკარგონ. ამიტომ, პრობლემა მერიაში უნდა ეძებონ“, – განაცხადა ჩაჩანიძემ.

მისი თქმით, პირველი რიგის ამოცანაა, სახელმწიფო სტრუქტურებმა გამართულად იმუშაონ.

„მე პირადად ვთვლი, რომ ისინი გამართულად მუშაობენ. ძალიან მალე რიგგარეშე სხდომას მოვიწვევთ და დარწმუნებული ვარ, კონსენსუსს გამოვნახავთ და მუშაობა გაგრძელდება. მოლაპარაკებები უკვე არის. გუშინ გავიტანეთ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და მიღებულია დადგენილებები“, – განაცხადა ჩაჩანიძემ.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ რიგგარეშე სხდომა სამ, ან შვიდ დღეში დაინიშნება.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე თანაპარტიელი დეპუტატის, გიორგი ლომიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მუნიციპალიტეტებში ხელფასების ზრდა მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდა და გამონაკლისი არც ბორჯომი არ უნდა იყოს, ზაზა ჩაჩანიძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც რიგგარეშე სხდომა გაიმართება, ეს არანაირი პრობლემა არ არის.

მისი თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ლიპარტიამ ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე უარის თქმით ნაბიჯი გადადგა. ამიტომ, არანაირი პრობლემა არ არსებობს და დაპირისპირებულ მხარეებს შორის კომპრომისი მიიღწევა.