ყველაზე მარტოსული ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში — მთვარის მისიის ასტრონავტი მაიკლ კოლინზი გარდაიცვალა #1tvმეცნიერება
ყველაზე მარტოსული ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში — მთვარის მისიის ასტრონავტი მაიკლ კოლინზი გარდაიცვალა #1tvმეცნიერება

ამერიკელი ასტრონავტი მაიკლ კოლინზი 90 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. კოლინზი ხელმძღვანელობდა აპოლო 11-ის იმ მოდულს, რომელმაც ადამიანები პირველად ჩაიყვანა მთვარის ზედაპირზე.

ზოგჯერ უწოდებდნენ „ისტორიაში ყველაზე მარტოსულ კაცს“, რადგან უგრძესი ფრენის შესრულების მიუხედავად, მისი კოლეგები მთვარის ზედაპირზე გადავიდნენ, ის კი ორბიტაზე, მოდულში დარჩა და უცდიდა; ალბათ ამიტომ არ ხვდა კოლინზს წილად ისეთი მსოფლიო აღიარება, როგორიც ნილ არმსტრონგსა და ბაზ ოლდრინს.

თუმცა, ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გულშემატკივრობდა კოსმოსის კვლევას; იყო ერუდირებული, მახვილგონიერი, მაგრამ ამავე დროს თავმდაბალი. 2009 წელს NASA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ისტორიული მიღწევა 90 პროცენტით იღბლის დამსახურება იყო და ასტრონავტები გმირებად არ უნდა ჩავთვალოთ.

„მაიკი ცხოვრების გამოწვევებს ყოველთვის თავაზიანობითა და თავმდაბლობით ხვდებოდა, ასეთივე აღმოჩნდა მისი უკანასკნელი გამოწვევაც“, — დაწერა კოლინზის ოჯახმა მის ოფიციალურ „ტვიტერზე“.

კოლეგას ემშვიდობება მისი ეკიპაჟის წევრი, ბაზ ოლდრინიც.

„ძვირფასო მაიკ, სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის გექნება ცეცხლი, რომ მარჯვედ გაგვაქროლო ახალ სიმაღლეებზე და მომავალში. მოგვენატრები. მშვიდად განისვენე“.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მართალია, კოლინზმა შეიძლება იგივე დიდება ვერ მოიპოვა, მაგრამ ის „თანასწორი პარტნიორი იყო და ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ შეახსენებს თანამშრომლობის მნიშვნელობას დიდი მიზნების მისაღწევად“.

მაიკლ კოლინზი 1930 წელს რომში დაიბადა, ამერიკის არმიის ოჯახში, რომელიც იქ სამხედრო ატაშედ მუშაობდა. შემდეგში მაიკლი აშშ-ის საჰაერო ძალების გამანადგურებლებისა და სატესტო პილოტი გახდა.

NASA-ში მოხვედრის სურვილი ჯონ გლენმა შთააგონა, პირველმა ამერიკელმა, რომელმაც დედამიწის ორბიტაზე იფრინა. 1963 წელს ის ასტრონავტად შეარჩიეს.

კოლინზი 1966 წელს, მისია Gemini-ს წვრთნაზე.

მისი პირველი ფრენა მისია Gemini 10-ში შედგა, რომელშიც მან ორი რეკორდული, ღია კოსმოსში გასვლა განახორციელა.

თუმცა, ის ცნობილი მისია აპოლო 11-ის წევრობით გახდა, როდესაც 1969 წლის 20 ივლისს, მისი ეკიპაჟის წევრებმა, ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა „კაცობრიობის დიდი ნახტომი“ განახორციელეს.

კოლინზის როლის შესახებ საუბრისას, NASA-ს პრესოფიცერმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„ადამია შემდეგ ასეთი მარტოსული ადამიანი მეორე არ ყოფილა“.

ამ მითის დამსხვრევას კოლინზი ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ცდილობდა.

„მქონდა შესანიშნავი ცხელი ყავა, თუ მსურდა, მუსიკასაც ჩავრთავდი. მოდულ Columbia-ს ყველაფერი ჰქონდა, რაც მჭირდებოდა და საკმაოდ დიდიც იყო; ნამდვილად კარგი დრო გავატარე და სულაც არ მიგრძვნია თავი საშინლად მარტოსულად“, — განაცხადა კოლინზმა 2019 წელს, მისიის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

თუმცა, ის ძალიან ღელავდა, რომ, არმსტრონგი და ოლდრინი მთვარის ზედაპირიდან მოდულში შეიძლება ცოცხლები ვერ დაბრუნებულიყვნენ და ის მისიის ერთადერთი გადარჩენილი წევრი არ გამხდარიყო.

საბოლოო ჯამში, მისია აპოლო 11 წარმატებული აღმოჩნდა, ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში დაეშვა, მსოფლიო ტურიც მოაწყო და საპრეზიდენტო თავისუფლების მედლებითაც დააჯილდოვეს.

კოლინზი აღნიშნავდა იმასაც, რომ მთვარის მისიამ მისი ხედვა სამუდამოდ შეცვალა, დაანახა ჩვენი პლანეტის სიმყიფე და მისი დაცვის საჭიროება.

მაიკლ კოლინზი 2019 წელს

„როდესაც ფანჯრიდან გავიხედე, ჩემ წინ საოცარი ბურთი (მთვარე) მოჩანდა. რამდენად მომაჯადოებელი და შთამბეჭდავიც არ უნდა ყოფილიყო, სრულიად, არაფერი იყო მეორა ფანჯრის ხედთან შედარებით. ვხედავდი პატარა, დაახლოებით მკლავის სიგრძის ბურთს, რომელიც ძალიან კაშკაშებდა ცისფრად და თეთრად. მოჩანდა ოკეანეები, თეთრი ღრუბლები, ჟანგიანი ზოლები, რომლებსაც ჩვენ კონტინენტებს ვუწოდებთ. ასეთი დიდებული, პატარა რაღაც სამყაროს სრულ წყვდიადში ეკიდა“, — გაიხსენა კოლინზმა 2019 წელს.

მოგვიანებით კოლინზმა უარი თქვა მთვარის სხვა მისიაზე, რომელშიც მთვარის ზედაპირზე ისიც უნდა გადასულიყო და დიპლომატი გახდა, მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე.

შემდეგში ვაშინგტონის საჰაერო და კოსმოსური ეროვნული მუზეუმის დირექტორი გახდა, დაწერა რამდენიმე წიგნი.

პენსიაზე გასვლის შემდეგ ფლორიდაში გადასახლდა.

2019 წელს, Fox News-ის კითხვაზე, ბევრს ფიქრობდა თუ არა აპოლო 11-ის შესახებ, უპასუხა, რომ არც ისე ხშირად.

„მშვიდი ცხოვრება მაქვს. ღამღამობით ჩემს ქუჩაზე ვსეირნობ; როდესაც სიბნელე ჩამოწვება, მარჯვენა მხრის მაღლა რაღაცას ვგრძნობ, ავიხედავ და ვერცხლისფერ ბურთს ვხედავ — მხოლოდ მაშინ მახსენდება, რომ ეს მთვარეა და მე იქ ვიყავი“.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.