ყინულის უძველეს ნიმუშებში მეცნიერებმა წარსულის გიგანტურ ვულკანურ ამოფრქვევებს მიაგნეს — #1tvმეცნიერება
ყინულის უძველეს ნიმუშებში მეცნიერებმა წარსულის გიგანტურ ვულკანურ ამოფრქვევებს მიაგნეს — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 60 000 წლის ისტორიის მქონე ყინულის ნიმუშების (მყინვარული კერნი) შესწავლისას, მეცნიერებმა ამ პერიოდში მიმდინარე ათასობით ვულკანური ამოფრქვევის ნიშნები იპოვეს; დროის ეს პერიოდი მოიცავს ბოლო გამყინვარებამდელ პერიოდს. მათ შორის 25 ამოფრქვევა ბოლო 2500 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ნებისმიერ ამოფრქვევაზე ბევრად დიდია.

ყინულის სიღრმიდან ნიმუშები მკვლევრებმა ორივე პოლუსის სიახლოვეს აიღეს: ანტარქტიდაზე (სადაც 737 ამოფრქვევა აღირიცხა) და გრენლანდიაზე (სადაც 1113 ამოფრქვევა აღირიცხა). ჯამში 85 ამოფრქვევა იმდენად დიდი იყო, რომ ორივე პოლუსზე დატოვა მტკიცებულებები.

მტკიცებულება გოგირდმჟავას დეპოზიტების ფორმითაა, რომლებიც ამოფრქვევათა შემდეგ რჩება. მის საფუძველზე, ასტრონომები ადგენენ, რამდენად დიდი და ზემოქმედების მქონე იყო მოცემული ვულკანი.

„უძველეს ვულკანთა ამოფრქვევის რეკონსტრუქციისთვის, ყინულის ნიმუშები სხვა მეთოდებისგან რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ანდერს სვენსონი.

მისი განცხადებით, როდესაც რეალურად დიდი ამოფრქვევა ხდება, გოგირდმჟავა ატმოსფეროს ზედა ნაწილში ადის, საიდანაც გლობალურად ნაწილდება, მათ შორის, გრენლანდიასა და ანტარქტიდაზეც. მიწაზე ჩამოცვენილი გოგირდმჟავის ოდენობაზე დაყრდნობით კი შესაძლებელია ამოფრქვევის ზომის შეფასება.

ვულკანის ფეთქებადობის ინდექსის (VEI) გამოყენებით (რომელიც 1-დან 8-მდე მერყეობს, დაბლიდან მაღლისკენ), მკვლევართა ჯგუფმა მიაგნო 69 ისეთ ვულკანურ ამოფრქვევას, რომლებიც აჭარბებდნენ 1815 წლის ტამბორას ამოფრქვევას (შეფასებით VEI 7); ინდონეზიაში მომხდარი ეს ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ მზის სინათლე გარკვეულწილად დაბლოკა და გლობალური გაციების პერიოდი გამოიწვია.

ამ 69 ამოფრქვევას შორის არის ერთი ახალ ზელანდიაში, ტაუპოს ტბაში, დაახლოებით 26 500 წლის წინ (VEI 8) და ერთიც ტობაში, ინდონეზიაში, დაახლოებით 74 000 წლის წინ (VEI 8). შედარებისათვის — 2010 წელს მომხდარი ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევა ისლანდიაში, VEI-ს სკალაზე 4 ქულით შეფასდა, 2011-2012 წლებში ჩილეში, ვულკან პუეუე-კორდონ-კაულიეს ამოფრქვევა კი VEI 5 ქულით.

VEI 7 კატეგორიის ამოფრქვევები ყოველ ათას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ხდება, შესაბამისად, შემდეგი ასეთი ამოფრქვევა კიდევ დიდხანს არ არის მოსალოდნელი. რაც შეეხება შემდეგი კატეგორიის, VEI 8 ამოფრქვევებს, მკვლევართა განცხადებით, ისიც ასობით ან ათასობით წელიწადში ერთხელ ხდება.

ყინულის ნიმუშებში ჩარჩენილი ამოფრქვევები ყოველმხრივ გაცილებით დიდი და პლანეტისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ეს ადამიანის მეხსიერებას შემორჩენია. 2500 წელიწადზე წინანდელ პერიოდში მომხდარ ვულკანურ ამოფრქვევათა შესახებ აქამდე ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი.

„ვულკანური ამოფრქვევების ახალი, 60 000-წლიანი თაიმლაინი ამ დროისათვის საუკეთესო სტატისტიკას გვთავაზობს. ახლა უკვე შეგვიძლია ვნახოთ, რომ პრეისტორიული გამყინვარების ხანაში იმაზე გაცილებით მეტი ასეთი დიდი ამოფრქვევა ხდებოდა, ვიდრე თანამედროვე ხანაში. ვინაიდან დიდი ამოფრქვევები შედარებით იშვიათია, გრძელი თაიმლაინია საჭირო, რათა ვიცოდეთ, როდის ხდება ისინი. ახლა უკვე გვაქვს სწორედ ასეთი რამ“, — ამბობს სვენსონი.

ახალი კვლევა მეცნიერებმა წინა კვლევაზე დაყრდნობით განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც მოახდინეს ორივე პოლუსიდან აღებული ყინულის ნიმუშების ვადების სინქრონიზაცია; ამან კი მათ იმ ამოფრქვევათა უფრო ზუსტად იდენტიფიცირების საშუალება მისცა, რომლებსაც მნიშვნელოვანი ეფექტები ჰქონდათ ანტარქტიდაზეც და გრენლანდიაზეც.

ეს კვლევა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ისტორიის დაკარგული გაკვეთილი. ყინულის ნიმუშები (მყინვარული კერნი) ასევე ინახავს ამოფრქვევამდე და ამოფრქვევის შემდეგ ტემპერატურებს, რაც გლობალურ ტემპერატურაზე მათი გავლენის შესახებაც გვაწვდის გარკვეულ ცნობებს. ყველაზე დიდმა ამოფრქვევებმა შეიძლება 5-10-წლიანი აციებაც კი გამოიწვიოს.

იმის ცოდნა, თუ რამდენად მგრძნობიარეა დედამიწის კლიმატი ამ სახის დიდი მოვლენებისადმი, რაც ყინულის ნიმუშებშია დოკუმენტირებული — გამოსადეგია კლიმატის მომავალი მოდელებისთვის.

„ყინულის ნიმუშები შეიცავს ინფორმაციას ამოფრქვევებამდელ და ამოფრქვევების შემდეგ ტემპერატურის შესახებ, რაც კლიმატზე მათი ეფექტების გაანგარიშების საშუალებას გვაძლევს. დიდი ამოფრქვევები გვეუბნება, რამდენად მგრძნობიარეა ჩვენი პლანეტა კლიმატურ სისტემებში მომხდარი ცვლილებებისადმი; შესაბამისად, ისინი გამოსადეგია კლიმატური პროგნოზებისათვის“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ანდერს სვენსონი.

კვლევა Climate of the Past-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია science.ku.dk-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.