მდინარე, რომელიც აღმართზე ადის — გეოლოგებმა გაარკვიეს, რა ხდება სინამდვილეში #1tvმეცნიერება
მდინარე, რომელიც აღმართზე ადის — გეოლოგებმა გაარკვიეს, რა ხდება სინამდვილეში #1tvმეცნიერება

საუკუნეზე მეტია, იუტის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთში, უინტის მთებში გამავალი მდინარე გრინ-რივერი ნამდვილი გეოლოგიური საიდუმლოა, რომელიც თითქოს ფიზიკით ახსნას არ ექვემდებარება.

მდინარეები წლების განმავლობაში დაღმართზე დინებით ჭრიან კალაპოტს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც წესი, მიჰყვებიან ნებისმიერი მთათა სისტემის ფერდობებსა და ღარებს, რომლებსაც გზად წააწყდებიან.

გრინ-რივერი, რომელიც ამ კალაპოტში უკვე რვა მილიონი წელია მიედინება, მდინარე კოლორადოსთან შეერთებამდე 50 მილიონი წლის მთებს კვეთს — ჭრის 700 მეტრის სიღრმის ლოდორის კანიონს, რომელიც ქედის (და ყველა ლოგიკის) პერპენდიკულარულად მიემართება.

გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გეოლოგ ადამ სმიტის ხელმძღვანელობით, ამ დიდი ხნის საიდუმლოს ამოხსნა გადაწყვიტა. როგორც ჩანს, გრინ-რივერი სულაც არ ადის აღმართზე — სინამდვილეში, მთის ქედი მოსახერხებლადაა დაბლა დაწეული, ფენომენის სახით, რომელსაც ლითოსფერულ წვეთას უწოდებენ.

„უინტის მთების სხვა მდინარეები გვაძლევს იმის მტკიცებულებას, რომ გასული რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, ამ მთების სიმაღლე შეიცვალა“, — წერენ მკვლევრები.

მათი მონაცემები მიუთითებს, რომ უინტის მთების ძირი — ლითოსფეროს ძირში არსებული მკვრივი მინერალური საძირკველი — იმდენად დამძიმდა, რომ დედამიწის თხევად მანტიაში „ჩაიღვენთა“. ამან მთის მასივი დროებით დასწია, რაც გრინ-რივერს ძნელად წარმოსადგენი კალაპოტის დადგენის საშუალება მისცა.

მოგვიანებით, უინტის მთები მდინარის გარშემო 400 მეტრით გაიზარდა და დღევანდელი კანიონი წარმოქმნა.

სეისმური გამოსახულება გულისხმობს მიწისძვრის დედამიწაში გავლისას მიწისძვრის ვიბრაციების გაფანტვის წაკითხვას, რათა შეიქმნას სურათი იმისა, თუ რა ხდება იქ ქვემოთ. სეისმურმა გამოსახულებებმა აჩვენა, რომ უინტის მთებთან, ზედაპირიდან დაახლოებით 200 კილომეტრის სიღრმეში არის მრგვალი, მოზრდილი ნაჭერი — სავარაუდოდ, ჩაღვენთის შედეგად წარმოქმნილი.

ამას გარდა, მთების ქვეშ ქერქი მოსალოდნელზე გაცილებით თხელია — კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ წვეთამ ქვედა ფენები დაშალა.

მას შემდეგ, რაც ეს ნაღვენთი დაახლოებით 2-5 მილიონი წლის წინ ლითოსფეროს მოსწყდა, მთის მასივმა კვლავ მაღლა აწევა შეძლო. იმ დროისათვის, გრინ-რივერმა სამუდამო კალაპოტი შეიძინა — ლოდორის კანიონი ადგილზე დარჩა, გრინ-რივერი კი მდინარე კოლორადოს შენაკადი გახდა.

„მილიონობით წლის წინ, გრინ-რივერისა და კოლორადოს შერწყმამ შეცვალე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტური დაყოფა. წარმოქმნა ხაზი, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს წყნარ და ატლანტის ოკეანეში ჩამავალ მდინარეებს, ასევე წარმოქმნა ველური ბუნების წარმომადგენელთა ჰაბიტატის საზღვრები, რომელმაც გავლენა მოახდინა მათ ევოლუციაზე“, — განმარტავს სმიტი.

კვლევა Journal of Geophysical Research: Earth Surface-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია gla.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.