სერიოზული გაფრთხილება წარსულიდან — გრენლანდიის ყინულებიდან ამოღებული უძველესი მცენარეები არასასიამოვნო ამბებზე მიუთითებს #1tvმეცნიერება
სერიოზული გაფრთხილება წარსულიდან — გრენლანდიის ყინულებიდან ამოღებული უძველესი მცენარეები არასასიამოვნო ამბებზე მიუთითებს #1tvმეცნიერება

გრენლანდიის ყინულის საფარი საკმაოდ ძველია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის თითქმის 45 მილიონი წლის წინ უნდა იყოს წარმოქმნილი. მტკიცებულებები, ისევე როგორც ჩვენი წარმოდგენა, არაერთგვაროვანია, მაგრამ მეცნიერები ფრიად დარწმუნებული იყვნენ ერთ რამეში: ეს ყინულები ადგილზეა სულ მცირე ბოლო ერთი მილიონი წლის განმავლობაში.

თუმცა, ახალი მტკიცებულებები საწინააღმდეგოს მიუთითებს. გრენლანდიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1,4 კმ სიღრმის ყინულის გაბურღვის შემდეგ ფსკერიდან აღებულ ნიმუშებში მეცნიერებმა უძველეს მცენარეთა მასალა აღმოაჩინეს.

როგორც ეს მასალა მიუთითებს, ბოლო მილიონი წლის განმავლობაში ერთხელ და რამდენიმე მილიონ წლიან პერიოდში რამდენჯერმე, გრენლანდიის ყინულის საფარი თბილ პერიოდებში იმდენი ხნით დნებოდა, რომ იქ მნიშვნელოვნად აღმოცენებულიყო მცენარეულობა, სავარაუდოდ ტყეებიც კი.

კვლევის ავტორთა განცხადებით, იგულისხმება ისეთი თბილი პერიოდები, როგორიც ახლა, კლიმატის ცვლილების გამო დგას დედამიწაზე.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ გრენლანდია იმაზე მეტად მგრძნობიარეა კლიმატის ბუნებრივად გათბობისადმი, ვიდრე გვგონია; ამავე დროს ვიცით, რომ კაცობრიობის მიერ პლანეტის უკონტროლოდ გათბობა დიდად აჭარბებს ბუნებრივ მაჩვენებელს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვერმონტის უნივერსიტეტის გეოლოგი ენდრიუ კრისტი.

მტკიცებულება 1966 წელს, ცივი ომის სამხედრო ბაზა Camp Century-ზე 1368 მეტრის სიღრმეზე გაბურღულ და იქიდან ამოღებულ ნიმუშში იპოვეს. ამ ბაზის საიდუმლო გეგმას წარმოადგენდა გვირაბების სისტემის გათხრა, რომელშიც ასობით ბირთვული იარაღი უნდა დაემალათ (გეგმა ჩავარდა, რადგან ყინული ზედმეტად არასტაბილური აღმოჩნდა). სხვა დანიშნულებებთან ერთად, ბაზის ოფიციალური მიზანი სამეცნიერო კვლევების წარმოება იყო; სწორედ ამიტომ ამოიღეს სიღრმიდან ყინულის ნიმუშიც.

ამოღებულ ნიმუშებს შორის იყო 14 მეტრი სიგრძის შლამიანი ყინული და 3,44 მეტრი სიგრძის გაყინული დანალექები ყინულის საფარის ქვეშიდან. დანალექები შეფუთეს, გადაჰქონდათ მაცივრიდან მაცივრებში, საბოლოოდ კი დანიაში მოხვდა და დროთა განმავლობაში ყველას მიავიწყდა.

2018 წელს ნიმუშებს შემთხვევით წააწყდნენ კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერები, როდესაც შენახულ ნიმუშებს ახარისხებდნენ ახალ მაცივარში გადასატანად. როდესაც მიხვდნენ, რა ინახებოდა ამ ქილებში, უძველესი ნიმუშების შესასწავლად სასწრაფოდ დაიწყეს მკვლევართა ჯგუფის მობილიზება.

მათდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ დანალექები როდი ინახებოდა. ნიმუშებში განმარხებული ფოთლები და პატარა ტოტებიც იპოვეს.

„ყინულის ფენები გზადაგზა ყველაფერს შლის და ანადგურებს. ნიმუშებში წავაწყდით მცენარეთა ბრწყინვალედ შენახულ, დელიკატურ სტრუქტურებს. ისინი განმარხებულია, მაგრამ ისე გამოიყურება, თითქოს გუშინ მოწყვიტეს. ეს გრენლანდიაზე არსებული სიცოცხლის ერთგვარი დროის კაფსულაა, რომლის მსგავსსაც ალბათ ვერსად ვიპოვით“, — ამბობს კრისტი.

დედამიწის მთელი ისტორიის განმავლობაში კლიმატი მერყეობს; იყო მრავალი გამყინვარების ხანა ან გლაციალური პერიოდი, რომელთა შორის თბილი, ინტერგლაციალური პერიოდებიც დგებოდა. მეცნიერთა აზრით, სულ მცირე ბოლო რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, ასეთ პერიოდებში გრენლანდიის ყინულის საფარის გარკვეული ნაწილი მაინც არ დნებოდა, ინტერგლაციალურ (გამყინვარებებს შორის) მონაკვეთებშიც კი.

Camp Century-ს ბაზაზე აღებულმა ნიმუშებმა ეს მოსაზრება თავდაყირა დააყენა. დანალექებისთვის ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, მცენარეებში აღმოაჩინეს ალუმინისა და ბერილიუმის უიშვიათესი იზოტოპები, რომლებიც მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც კოსმოსური სხივები შიშველ მიწას ურტყამს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეგიონი მთლიანად გამდნარი ყოფილა, თანაც იმდენად დიდხანს, რომ კოსმოსურ სხივებს ეს იზოტოპები წარმოექმნა და მცენარეულობაც გაზრდილიყო; უნდა გაზრდილიყო ხავსები და ხეებიც კი.

რადიონახშირბადული და ლუმინესცენციური დათარიღებით, რომლითაც შეაფასეს, როდის მოხვდა ამ დანალექებს ბოლოს სინათლე — გაირკვა, რომ ყინული ბოლო მილიონი წლის განმავლობაშია გამდნარი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გრენლანდიის ყინულის საფარი, რომელიც ამჟამად კუნძულის 80 პროცენტს ფარავს, შეიძლება არც ისეთი მუდმივი იყოს, როგორც გვეგონა. მეცნიერთა პროგნოზით, თუ გრენლანდიის ყინულის საფარი მთლიანად გადნება, ზღვის დონემ შეიძლება 7 მეტრით აიწიოს და შესაბამისად, სერიოზული პრობლემაც წარმოქმნას.

გრენლანდია შეიძლება შორეული ადგილია, მაგრამ შეუძლია სწრაფად გადნობა, ოკეანეში იმდენი წყლის შეშვება, რომ ნიუ-იორკი, მაიამი და სხვა მრავალი სანაპირო ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდეს. ეს კი სულაც არ გახლავთ ოცი თაობის პრობლემა — პრობლემა გადაუდებელია და უახლოეს 50 წელიწადს ეხება“, — ამბობს ვერმონტის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი პოლ ბირმენი.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.