რა განსაკუთრებულ ბუნებრივ რესურსებს ფლობს გრენლანდია — #1tvმეცნიერება
რა განსაკუთრებულ ბუნებრივ რესურსებს ფლობს გრენლანდია — #1tvმეცნიერება

გრენლანდია, დედამიწის უდიდესი კუნძული, ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთ უდიდეს მარაგებს ფლობს მთელ მსოფლიოში.

მათ შორის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული — ისეთი რესურსები, როგორიცაა ლითიუმი და იშვიათ მიწათა ელემენტები, რომლებიც გადამწყვეტია მწვანე ტექნოლოგიებში, მაგრამ მათი წარმოენა და მდგრადობა ძლიერ მგრძნობიარეა; ასევე მოიპოვება სხვა ღირებული მინერალები და ლითონები, ნახშირწყალბადების უზარმაზარი მოცულობა, მათ შორის, ნავთობი და გაზი.

გრენლანდიის იშვიათ მიწათა ელემენტების სამი საბადო ყინულების ქვეშ, ღრმად მდებარეობს და შეიძლება მსოფლიოში უდიდესი იყოს მარაგებით, რასაც უდიდესი პოტენციალი აქვს გლობალური ენერგეტიკული ტრანზიციისათვის გადამწყვეტი ბატარეებისა და ელექტრონული კომპონენტების წარმოებისთვის.

გრენლანდიის ნახშირწყალბადებისა და მინერალური სიმდიდრის პოტენციალმა სტიმული მისცა დანიურ და ამერიკულ კვლევებს მოპოვებითი აქტივობების შესაფასებლად.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე დაახლოებით 31 მილიარდი ბარელი ნავთობის ეკვივალენტი ნახშირწყალბადებია — იმდენი, რაც აშშ-ის ნედლი ნავთობის მთლიანი დადასტურებული მარაგია.

თუმცა, გრენლანდიის ყინულისგან თავისუფალი ზონა, რაც ბრიტანეთის ფართობს ორჯერ აღემატება, კუნძულის მთლიანი ფართობის მხოლოდ მეხუთედია და აჩენს შესაძლებლობას, რომ ყინულების ქვეშ ბუნებრივი რესურსების უზარმაზარი, შეუსწავლელი მარაგებია.

გრენლანდიის ბუნებრივი რესურსების კონცენტრაცია დაკავშირებულია მის 4-მილიარდწლიან გეოლოგიურ ისტორიასთან. იქ დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ქანები გვხვდება, ასევე სატვირთო მანქანის ზომის ადგილობრივი (და არა მეტეორიტების მიერ მოტანილი) რკინის ნაჭრები. 1970-იან წლებში აღმოაჩინეს ალმასის შემცველი კიმბერლიტის „მილები“, რომელთა ექსპლუატაციაც ჯერ არ დაწყებულა, დიდწილად მოპოვებითი საქმიანობის ლოგისტიკური გამოწვევების გამო.

გეოლოგიური თვალსაზრისით, ძლიერ უჩვეულოა, რომ ერთ ადგილს ჰქონდეს ბუნებრივი რესურსების — ნავთობისა და გაზიდან დაწყებული, იშვიათმიწათა ელემენტებითა და ძვირფასი ქვებით დამთავრებული — წარმოქმნის სამივე გზა. ეს პროცესები დაკავშირებულია მთების წარმოქმნის, რიფტინგის (ქერქის რელაქსაცია და გაფართოება) და ვულკანური აქტივობის ეპიზოდებთან.

გრენლანდია ჩამოაყალიბა მთების წარმოქმნის მრავალმა ხანგრძლივმა პერიოდმა. ამ კომპრესიულმა ძალებმა დაამტვრია მისი ქერქი, რისი წყალობითაც, ოქრო, ძვირფასი ქვები და გრაფიტი ნაპრალებსა და ბზარებში დაილექა.

გრაფიტი გადამწყვეტია ლითიუმის ბატარეების წარმოებაში, მაგრამ როგორც დანიისა და გრენლანდიის გეოლოგიური სამსახური აცხადებს, გრენლანდიაზე ის დღემდე შეუსწავლელია, განსხვავებით მისი ძირითადი მწარმოებლების — ჩინეთისა და სამხრეთ კორეისგან.

გრენლანდიის ბუნებრივი რესურსების უდიდესი ნაწილი სათავეს იღებს რიფტინგის პერიოდებიდან — მათ შორის, ყველაზე ბოლოს ეს ატლანტის ოკეანის წარმოქმნისას მოზდა, იურული პერიოდის დასაწყისიდან, ანუ 200 მილიონი წლის წინ.

როგორც ჩანს, გრენლანდიის სანაპირო დანალექოვანი აუზები, როგორიც არის ჯეიმსონ-ლენდის აუზი, უდიდეს პოტენციალს ფლობს ნავთობისა და გაზის მარაგების მხრივ, დაახლოებით ისეთს, როგორიცაა ნორვეგიის ნახშირწყალბადებით მდიდარი კონტინენტური შელფი.

თუმცა, მისაწვდომობის სიძვირე კომერციულ კვლევებს ზღუდავს. ამას გარდა, სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს გრენლანდიის მთელ სანაპირო ზოლში პოტენციურად ფართო ნავთობის სისტემების არსებობაზე.

სანაპირო ზოლის დანალექოვან აუზებში ასევე წარმოდგენილია ისეთი ლითონები, როგორიცაა ტყვია, სპილენძი, რკინა და თუთია, რომლებზეც ადგილობვრივად, მცირე მასშტაბებით მუშაობენ 1780 წლის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ვულკანურ აქტივობასთან ისე მჭიდროდ არაა დაკავშირებული, როგორც მეზობელი ისლანდია, რომელიც შუაოკეანური ქედისა და მანტიური პლუმის კვეთაზე მდებარეობს — გრენლანდიის მრავალი ძირითადი ნედლეული დაკავშირებულია მის ვულკანურ ისტორიასთან.

იშვიათმიწათა ლითონები — ნიობიუმი, ტანტალი და იტერბიუმი აღმოჩენილია მაგმური ქანების შრეებში — ზუსტად ისე, როგორც ვერცხლისა და თუთიის საბადოები სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, რომლებიც დალექილია დიდი ვულკანური ინტრუზიების წვერში ცირკულირებადი თბილი ჰიდროთერმული წყლების მიერ.

მეცნიერთა პროგნოზით, გრენლანდიის ყინულების ქვეშ იმდენი დისპროზიუმი და ნეოდიუმი (იშვიათ მიწათა ელემენტები) უნდა იყოს, რომ საკმარისი იქნება მომავალი პროგნოზირებული გლობალური მოთხოვნის მეოთხედზე მეტის დასაკმაყოფილებლად — ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ტონა.

ეს ელემენტები ეკონომიკურად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მაგრამ მოპოვება მაინც რთულია; შეუცვლელია მათი როლი ქარის ენერგიაში, ელექტრონულ ძრავებში და ბირთვულ რეაქტორებში გამოყენებულ მაგნიტებში.

ცნობილი საბადოების დამუშავება, მაგალითად სამხრეთ გრენლანდიის კვანფილდის რეგიონში, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯერ აღმოუჩენელზე კუნძულის ცენტრალურ მთებში, ადვილად მოახდენს გავლენას იშვიათმიწათა ელემენტების გლობალურ ბაზარზე.

გლობალური ენერგეტიკული გადასვლა განპირობებული იყო საზოგადოების მიერ წიაღისეული საწვავის წვის მრავალმხრივი საფრთხეების მზარდი აღიარებით. თუმცა, კლიმატის ცვლილებას დიდი გავლენა აქვს გრენლანდიის მრავალი ბუნებრივი რესურსის ხელმისაწვდომობაზე, რესურსების, რომლებიც ამჟამად კილომეტრობით სისქის ყინულის ქვეშაა მოქცეული და რომლებიც ენერგეტიკული ტრანზიციის საკვანძო ნაწილია.

1995 წლის შემდეგ, გრენლანდიაში დაახლოებით ალბანეთის ზომის ტერიტორია გადნა და ტენდენცია კიდევ უფრო ჩქარდება იქამდე, თუ არ მოხდა ახლო მომავალში ნახშირბადის ემისიების მკვეთრად შემცირება.

კვლევის ტექნოლოგიების ბოლოდროინდელმა წინსვლამ, მაგალითად, ქანებში შეღწევადმა რადარმა, ყინულების ქვეშ შეხედვის მძლავრი საშუალებები მოგვცა. მეცნიერებს შეუძლიათ მიიღონ ქვენაფენი ქანების ტოპოგრაფიის ზუსტი სურათი ყინულების ქვეშ ორი კილომეტრის სიღრმეშიც, რაც გრენლანდიის მინერალური რესურსების პოტენციურ სურათს გვთავაზობს.

თუმცა, ყინულების ქვეშ ძებნის პროგრესი ნელა მიმდინარეობს და ალბათ, მოპოვება კიდევ უფრო რთული იქნება.

მალე შესაძლოა სამწუხარო დილემის გადაჭრა გახდეს საჭირო. უნდა მოხდეს თუ არა გრენლანდიაში რესურსების მოპოვება ენერგეტიკული გარდამავალი პერიოდის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად?

ამის გაკეთება კიდევ უფრო გაზრდის კლიმატის ცვლილების ეფექტებს გრენლანდიასა და მის მიღმა, მათ შორის იქნება მისი ხელუხლებელი ლანდშაფტის დიდი ნაწილის განადგურება და ზღვის დონის აწევის ხელშეწყობა, რამაც შეიძლება მისი სანაპირო დასახლებები დატბოროს.

ამჟამად, რესურსების მოპოვების ყველა საქმიანობა მკაცრად რეგულირდება გრენლანდიის მთავრობის მიერ 1970-იან წლებში მიღებული ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოთი.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.