გრენლანდიის ყინულის საფარი უახლოვდება დნობის წერტილს, რომლის შემდეგაც, უკან ვეღარ დაბრუნდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
გრენლანდიის ყინულის საფარი უახლოვდება დნობის წერტილს, რომლის შემდეგაც, უკან ვეღარ დაბრუნდება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მეცნიერებს სულ უფრო აღელვებთ კლიმატური ე. წ. გარდამტეხი წერტილები, სადაც მიიღწევა ის გარკვეული ზღვრები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად დათბობას იწვევს. ჩქარა მიმავალ მატარებელს ჰგავს, რომელიც კლდიდან ფრინდება — ვუახლოვდებით წერტილს, როდესაც დამუხრუჭება უკვე ძალიან გვიან იქნება.

ახალ კვლევაში გრენლანდიის ყინულის საფარის ორი ასეთი გარდამტეხი წერტილი გამოავლინეს; გრენლანდიის ყინულის საფარის ფართობი 1,7 მილიონი კვადრატული კილომეტრია და მეორე უდიდესია მსოფლიოში ანტარქტიდის ყინულის საფარის შემდეგ.

უახლეს მოდელებზე დაყრდნობით, ატმოსფეროში 1000 გიგატონა ნახშირორჟანგის გამოყოფა სრულად დაადნობს სამხრეთ რეგიონის ყინულის საფარს. თუ ეს მაჩვენებელი 2500 გიგატონამდე ავა, ყინულის თითქმის მთლიანი საფარი სამუდამოდ გაქრება.

გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის საქმიანობას დიდი გავლენა აქვს ნახშირბადის ემისიებზე, ატმოსფეროში უკვე გავაფრქვიეთ 500 გიგატონამდე ნახშირბადი; შესაბამისად, გრენლანდიის ყინულის საფარის თითქმის ნახევარი უკვე დავკარგეთ.

„დღევანდელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, პირველი გარდამტეხი წერტილი შორს არ არის და მისი გადაკვეთის საფრთხის წინაშე ვართ. როგორც კი გავსრიალდებით, ამ კლდიდან გადავვარდებით და ამოსვლას ვეღარ შევძლებთ“, — ამბობს პოტსდამის კლიმატური გავლენის ინსტიტუტის კლიმატური მეცნიერი დენის ჰონინგი.

მკვლევართა მიერ გამოყენებულმა კომპლექსურმა სიმულაციამ მხედველობაში მიიღო ყველა მთავარი კლიმატური პროცესი, ასევე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ყინულის დნობაზე — მათ შორის, ჰაერის ტემპერატურა, წყლის ტემპერატურა, ოკეანის დინებების აქტივობა და ნალექების დონეები.

ასეთი მოდელების დამუშავება კომპლექსურია, რადგან ცვლადები მუდმივად იცვლება. დნობასთან ერთად, ყინულის საფარი თხელდება, დაბლა ჩადის, რაც თავის მხრივ, დაბალ განედებზე უფრო თბილი ჰაერის ზემოქმედების ქვეშ აქცევს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტ გავლენას ახდენს დნობის მაჩვენებელზე.

როგორც კვლევა მიუთითებს, ინდუსტრიამდელ პერიოდთან შედარებით ტემპერატურის მაქსიმუმ 1,5 °C-ით მომატების შემთხვევაშიც კი, გრენლანდიის ყინულის საფარი გადალახავს წერტილს, რომლის შემდეგ სრულად აღდგენა უკვე შეუძლებელი იქნება.

მკვლევართა განცხადებით, ატმოსფეროში 1000 გიგატონა ნახშირბადის გაფრქვევის შემთხვევაში, უნდა ველოდოთ ზღვის დონის 1,8 მეტრით აწევას, 2500 გიგატონის შემთხვევაში კი 6,9 მეტრით.

სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ შენელების ნიშნები.

„ყინულის საფარის დიდი ნაწილი მომდევნო ათწლეულში არ დადნება, მაგრამ არც ისე დიდი დრო გვაშორებს მომენტთან, როცა ამის წინააღმდეგ უძლურნი ვიქნებით“, — ამბობს ჰონინგი.

2003 წლიდან 2016 წლამდე, გრენლანდიის ყინულის საფარი წელიწადში 255 გიგატონა ყინულს კარგავდა. უფრო მეტიც, ბოლო კვლევების მიხედვით, გრენლანდიაში ყინული იმაზე სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.

ეს კი თავის მხრივ ზღვის დონის აწევას და სხვა მრავალ პრობლემას იწვევს. მაგალითად, თუკი ყინულის საფარი ნაკლებია, მზის სინათლეც ნაკლებად აირეკლება უკან, კოსმოსში, რაც ტემპერატურის მატებას კიდევ უფრო აჩქარებს.

აღნიშნული კვლევა უახლესია სხვა მრავალ კვლევას შორის, რომელთაგან ყველა მიუთითებს დრამატულ მოქმედებათა სასწრაფოდ საჭიროებაზე, რათა კლიმატის თავაშვებული ცვლილება და გლობალური დათბობა დავამუხრუჭოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ გრენლანდიის ყინულის საფარს როდი დავკარგავთ.

კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.agu.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.