გრენლანდიის დნობის შედეგად, გარემოში წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ვერცხლისწყალი გამოიყოფა — #1tvმეცნიერება
გრენლანდიის დნობის შედეგად, გარემოში წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ვერცხლისწყალი გამოიყოფა — #1tvმეცნიერება

გრენლანდიის ყინულის საფარის დნობის შედეგად, კუნძულის მდინარეებსა და ფიორდებში წარმოუდგენლად დიდი ოდენობით ვერცხლისწყალი ჩაედინება.

სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სამი მყინვარის ნადნობი წყლის ჩადინების ადგილებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სანაპირო ეკოსისტემები ჩაფლულია ამ მძიმე ლითონის მაღალ კონცენტრაციაში, რასაც კვების ჯაჭვის ტოქსიკურ დონემდე აყვანა შეუძლია.

გრენლანდიის სამ მყინვარულ მდინარესა და სამ ფიორდში აღმოჩენილი ვერცხლისწყლის რაოდენობა ყველაზე უარესია მთელ ისტორიაში. უფრო მეტიც, მკვლევართა განცხადებით, იქ არსებული კონცენტრაციები ზუსტად იგივეა, რაც ჩინეთის ინდუსტრიულ ზონების დაბინძურებულ წყლებში, რომლებზეც მოდის მსოფლიოს ვერცხლისწყლით დაბინძურების დაახლოებით ერთი-მესამედი.

გრენლანდია დნობას ჩვენი ყველაზე უარესი სცენარით აგრძელებს; ექსპერტები შიშობენ, რომ გარემოში შეიძლება კიდევ უფრო დიდი ოდენობით გამოიყოს ყინულებში ჩაჭედილი ელემენტი ვერცხლისწყალი (Hg).

„ვერცხლისწყლის ეს დიდი, კლიმატისადმი მგრძნობიარე წყარო არ იყო გათვალისწინებული ამ ელემენტის ამჟამინდელ გლობალურ მარაგებსა და მათი მართვის სტრატეგიებში, მაგრამ ის სასწრაფოდ უნდა შეფასდეს, თუ გავითვალისწინებთ ადამიანთა და ეკონომიკის მომატებულ ზემოქმედებას Hg-ზე“, — წერენ კვლევის ავტორები.

ვერცხლისწყალი ფართოდ გავრცელებული ელემენტია, რომელიც გამოიყოფა ტყის ხანძრების, ვულკანური ამოფრქვევებისა და ეროზიის შედეგად. გასული 150 წლის განმავლობაში, ატმოსფეროში კიდევ უფრო დიდი ოდენობით ეს დამაბინძურებელი გაუშვა სამრეწველო საქმიანობამაც.

თანდათანობით ზემოდან ქვემოთ დაშვებისას, ეს ელემენტი ერთი ორგანიზმიდან მეორეს გადაეცემა და თანდათან კვების ჯაჭვში კონცენტრირდება. არქტიკის ზონაში ცხოველებსა და ადამიანებს დიდი შანსი აქვთ, რომ საკვებითა და წყლით ვერცხლისწყლის ტოქსიკური რაოდენობა მიიღონ, რადგან გლობალურ ცირკულაციას ეს მძიმე ლითონები ჩრდილოეთით მიაქვს.

გარდა ამისა, ვერცხლისწყლის გაზრდილი რაოდენობა ილექება მყინვარებში, თოვლსა და ყინულში, საიდანაც ის შემდეგ შეიძლება მოხვდეს ადგილობრივ წყლებში ან ისევ ატმოსფეროში ავიდეს.

დნობადი მყინვარებიდან ვერცხლისწყლის საშუალო ოდენობით გამოყოფაზე წინა კვლევებიც მიუთითებდა, მაგრამ გრენლანდიაში აღმოჩენილი კონცენტრაცია იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე მეცნიერებმა არქტიკის სხვა მდინარეებში დააფიქსირეს.

„არ ველოდით, რომ მყინვართა ნადნობ წყალში ვერცხლისწყალი ამ ოდენობასთან მიახლოებული მაინც თუ იქნებოდა. ზოგადად, გვაქვს გარკვეული ვარაუდები, რა იწვევს მერკურის კონცენტრაციის ზრდას, მაგრამ ამ აღმოჩენამ გააჩინა მრავალი დიდი კითხვა, რომლებზე პასუხიც ჯერ არ გვაქვს“, — ამბობს ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი რობ სპენსერი.

გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ოდენობით ვერცხლისწყალი იმ რეგიონში აღმოაჩინეს, სადაც მრეწველობა არ არის, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაღალი კონცენტრაციის მიზეზი სამრეწველო წყაროები არ არის.

მათი აზრით, ის შეიძლება გამოიყოფოდეს გრენლანდიის ყინულის საფარის ქვეშ მიმდინარე ქანების ეროზიის შედეგად, რომელიც ვერცხლისწყლით ბუნებრივად არის მდიდარი და კლიმატის ცვლილებასთან ერთად, იქ არსებული ელემენტებიც თავისუფლდება.

თუ ეს ვარაუდი სწორია, გრენლანდია შეიძლება ვერცხლისწყლის ბუნებრივი გამოყოფის დიდი, მაგრამ უგულებელყოფილი წყარო იყოს, სადაც ეს ელემენტი ათასწლეულების განმავლობაშია ჩაჭედილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მრეწველობის შედეგად მერკურის გამოყოფას ხვალვე შევამცირებთ, ამ ყინულის სწრაფმა დნობამ შეიძლება აზრი დაუკარგოს ამ მძიმე მეტალით დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ ადამიანთა ძალისხმევას.

მკვლევართა აზრით, გრენლანდიის ყინულის საფარის დნობამ უკვე მიაღწია გარდამტეხ მომენტს, რომლის იქითაც, კუნძულის ყინულის უმეტესი ნაწილი დნობისთვის არის განწირული. როგორც პირველადი კვლევები მიუთითებს, მყინვარების გაქრობასთან და მათ ქვეშ ძირეული ქანების გამოჩენასთან ერთად, ვერცხლისწყლის რაოდენობა ატმოსფეროშიც გაიზრდება.

„ვერცხლისწყლის რაოდენობის კონტროლისკენ მიმართული მთელი ძალისხმევა ეფუძნება იმ იდეას, რომ დედამიწის სისტემებში ამჟამად გაზრდილი კონცენტრაციის უმთავრესი, პირდაპირი მიზეზია ანთროპოგენური საქმიანობა, მაგალითად, მრეწველობა“, — განმარტავს ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის დედამიწის მეცნიერებათა კვლევის ცენტრის გარემოსდაცვითი ბიოგეოქიმიკოსი ჯონ ჰოკინგსი.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, ვერცხლისწყალი მოედინება კლიმატისადმი მგრძნობიარე გარემოებიდანაც, მაგალითად, მყინვარები შეიძლება ამ ელემენტის ისეთი წყარო იყოს, რომლის მართვაც გაცილებით რთულია.

გამომდინარე იქიდან, რომ გრენლანდია ზღვის პროდუქტების უდიდესი ექსპორტიორია და ეს რეგიონი ძვირფასი საზღვაო ეკოსისტემების სამშობლოა, აუცილებელია, სასწრაფოდ გავერკვეთ, რა ხდება იქ რეალურად.

კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.