ჩინეთში აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი, „თანამედროვე“ დარტყმითი კრატერი — #1tvმეცნიერება

16:04, 17.11.2025

ჩინეთში, გუანდუნის პროვინციის ქალაქ ჭაოცინგის სიახლოვეს, ერთ-ერთი გორაკის ფერდობზე არსებული ჯინლინის კრატერი მეცნიერებს დიდხანს ემალებოდა. ახლახან კი დადგინდა, რომ ის დარტყმითი სტრუქტურაა.

მსოფლიოში დაახლოებით 200 დადასტურებული დარტყმითი კრატერი არსებობს; ამიტომ, ყოველი აღმოჩენა განსაკუთრებით ღირებულია.

თუმცა, ეს კონკრეტული გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ზომითა და ახალგაზრდა ასაკით.

კრატერი წარმოქმნილია ჰოლოცენის ეპოქაში, როცა ბოლო გამყინვარების ხანა დასრულდა, დაახლოებით 11 700 წლის წინ.

ახლომდებარე ქანების ეროზიაზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის ადრეულ და შუა ჰოლოცენის ეპოქებს შორისაა წარმოქმნილი.

მისი დიამეტრი 820 – 900 მეტრს შორის მერყეობს, სიღრმე კი 90 მეტრია და ასეთი მაჩვენებლებით დიდად აღემატება რუსეთის 300-მეტრიან მარჩას კრატერს, რომელიც აქამდე ითვლებოდა ჰოლოცენის პერიოდის უდიდეს დარტყმით სტრუქტურად.

რეგიონის კლიმატიდან გამომდინარე, ასეთი მასიური, კარგად შემონახული კრატერის აღმოჩენა გასაკვირია. გუანდუნის პროვინციას ახასიათებს რეგულარული მუსონები, დიდი ნალექები და მაღალი ტენიანობა — ზუსტად ის გარემო პირობები, რომლებიც ეროზიას აჩქარებს და დიდი ხნის წინ უნდა წაეშალა კრატერის ყოველგვარი ხილული ფორმა.

მიუხედავად ამისა, ჯინილის კრატერი გამორჩეულად ხელუხლებელია, შენახულია გამოფიტული გრანიტის სქელ ფენებში, რომლებიც მის სტრუქტურას ამინდისგან იცავდა.

მტკიცებულებები, რომლებიც მის არამიწიერ წარმოშობას ადასტურებს, დეტალებში იმალება. გრანიტში მკვლევრებმა იპოვეს კვარცის მრავალი ფრაგმენტი, რომლებსაც აღენიშნება სიბრტყითი დეფორმაციის წარმონაქმნები და მიკროსკოპული მახასიათებლები, რომლებიც დარტყმითი მოვლენის გეოლოგიური ანაბეჭდის როლს ასრულებს.

„დედამიწაზე, სიბრტყითი დეფორმაციის მახასიათებლების კვარცში წარმოქმნა ხდება მხოლოდ ციური სხეულების დაცემის შედეგად გამოწვეული ძლიერი შოკური ტალღების მეშვეობით“, — ამბობს კვლევის ავტორი მინგ ჩენი.

ეს მახასიათებლები წარმოიქმნება ექსტრემალური წნევის ქვეშ, 10 – 35 გიგაპასკალს შორის, რაც ძლიერ აჭარბებს წნევის იმ მაჩვენებელს, რისი წარმოქმნაც დედამიწის რომელიმე საკუთარ გეოლოგიურ პროცესს შეუძლია.

ასეთ ძლიერ, ფოკუსირებულ შოკურ ტალღებს ვერანაირი ვულკანური ამოფრქვევა, მიწისძვრა ან ტექტონიკური მოძრაობა ვერ წარმოქმნის. ასეთ მეტყველ ხელწერებს წარმოქმნის მხოლოდ არამიწიერი ობიექტის ჰიპერჩქარი შეჯახება.

მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ დაცემული სხეული უფრო მეტეორიტი იყო, ვიდრე კომეტა, რადგან კომეტა სულ მცირე 10 კილომეტრის სიგანის კრატერს წარმოქმნის.

თუმცა, ჯერ არაა დადგენილი, ის რკინისგან შედგებოდა თუ ქვისგან, ამისათვის ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაო. თუმცა, აღმოჩენა უკვე ეჭვქვეშ აყენებს წინა მოსაზრებებს ბოლო პერიოდში კოსმოსურ ობიექტთა ჩამოცვენის სიხშირისა და მასშტაბის შესახებ.

თეორიულად, დედამიწის ზედაპირზე ყველგან თანაბარია შანსი ციური სხეულების დაცემისა, მაგრამ გეოლოგიური სხვაობები ნიშნავს იმას, რომ დაცემის მტკიცებულება ყველგან სხვადასხვა მაჩვენებლით იშლება.

ზოგიერთი კრატერი დროთა განმავლობაში მთლიანად ქრება, ზოგიც, მაგალითად, ჯინილი გადარჩენას ახერხებს. შემონახვის ასეთი არათანაბარი მაჩვენებელი ქმნის ჩვენი პლანეტის დარტყმითი ისტორიის დამახინჯებულ სურათს.

დადასტურებული კრატერები არაპროპორციულადაა თავმოყრილი კარგად დაფინანსებულ რეგიონებში, სადაც აქტიური გეოლოგიური კვლევითი პროგრამები მიმდინარეობს; მიყრუებულ, ტყიან ბორცვზე მისი აღმოჩენა მიუთითებს, რომ მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ მრავალი ასეთი კრატერი ელოდება აღმოჩენას.

მკვლევრები ჯინილის კრატერის შესწავლას განაგრძობენ და შეიძლება ახალი ცნობებიც მოიპოვონ იმის შესახებ, რამდენად ხშირად ეცემა მოზრდილი კოსმოსური ქვები ჩვენს პლანეტას და რა ინახავს ან ანადგურებს მათ მიერ დატოვებულ მტკიცებულებებს.

კვლევა Matter and Radiation at Extremes-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.

მსგავსი