ისლანდიის ყველაზე აქტიური ვულკანი შემდეგი ამოფრქვევისთვის თითქმის მზად არის — #1tvმეცნიერება
ისლანდიის ყველაზე აქტიური ვულკანი შემდეგი ამოფრქვევისთვის თითქმის მზად არის — #1tvმეცნიერება

მყინვარული ვულკანი ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ისლანდიის ვატნაიეკუდლის ყინულის ქუდი მოცულობით ევროპაში უდიდესია და ფარავს მრავალ აქტიურ ვულკანს, მათ შორის ქვეყანაში ყველაზე აქტიურს — გრიმსვეტნს. ბოლოს ის 2011 წელს ამოიფრქვა, რის გამოც დაიხურა ისლანდიის საჰაერო სივრცე, როგორც ჩანს, ცხრა წლის შემდეგ, გრიმსვეტნი ახალი ამოფრქვევისთვის ემზადება. ამის შესახებ ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისი იუწყება.

გრიმსვეტნის ამოფრქვევა დაახლოებით ყოველ 5-10 წელიწადში ხდება. ყინულის საფარისა და მაგმის ურთიერთქმედება შთამბეჭდავ აფეთქებებს წარმოქმნის. ლავა ყინულს ადნობს, რომელიც ორთქლად გარდაიქმნება. წამებში გამოიყოფა უზარმაზარი ოდენობის ენერგია. ცნობილია, რომ 1783 წელს გრიმსვეტნი შვიდი თვის განმავლობაში იფრქვეოდა, რამაც გამოიწვია შიმშილი, ისლანდიის მოსახლეობის 20 პროცენტით შემცირება და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში საშუალო ტემპერატურის 1°C-ით კლება.

მართალია, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ შემდეგი ამოფრქვევა უკვე ახლოსაა, მაგრამ ამოფრქვევების დროის, მაგნიტუდისა და ხასიათის პროგნოზირება ურთულესია, რადგან ყოველი ვულკანი განსხვავებულია და სხვადასხვაგვარად იქცევა. თუმცა, იმის გამო, რომ გრიმსვეტნი ხშირად იფრქვევა, მეცნიერები ამჩნევენ მახასიათებლებს, რომლებიც მიუთითებს, რომ შემდეგი ამოფრქვევა უზარმაზარი იქნება. ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისის დედამიწის მეცნიერის, ბენედიქტ ოფეიგსონის განცხადებით, ამჟამად გრიმსვეტნი იმ მდგომარეობაშია, როგორშიც 2011 და 2004 წლების ამოფრქვევათა წინ იყო.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი გრიმსვეტნს აქტიურად აკვირდება. მაღალი სიზუსტის GPS-ი ადგილზე, რეალურ დროში ზომავს ვულკანურ დეფორმაციას, ანუ ხმელეთზე გადაადგილებას. როდესაც ვულკანში წიაღიდან მაგმა ამოდის, ხმელეთი მაგმის კამერიდან მაღლა იზიდება, ბუშტის მსგავსად. ოფეიგსონის განცხადებით, გრიმსვეტნი ახლა საკმაოდ გაბერილია, არის ზუსტად იგივე წერტილში, როგორც 2011 წლის ამოფრქვევის წინ იყო; შესაბამისად, აქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ ის უახლოეს თვეებში ამოიფრქვევა.

გრიმსვეტნის გარდაუვალ ამოფრქვევაზე მიუთითებს დამატებითი ინფორმაციაც — გაზის ანალიზი. როდესაც მაგმა ზედაპირს უახლოვდება, მასში გაზები იშლება.

„ძალიან ჰგავს გაზიანი წყლის ბოთლის გახსნას. როდესაც წნევას მოხსნი, გაზები ამოდის“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ვულკანოლოგი ტერი პლანკი.

2012 წლიდან, ისლანდიის მეტეოროლოგიური ოფისი გრიმსვეტნის გაზებს პერიოდულად ამოწმებს. ივნისის დასაწყისში მათ შენიშნეს SO2-ის, CO2-ისა და H2-ის ძალიან მაღალი კონცენტრაცია, რაც ისლანდიისათვის საკმაოდ უჩვეულოა. ეს კი მიუთითებს, რომ ამოფრქვევა ახლოს არის, რადგან მაგმა უკვე უშუალოდ ზედაპირის ქვეშაა.

გამომდინარე იქიდან, რომ გრიმსვეტნი მთლიანად მყინვარით არის დაფარული, მას ასევე აქვს მყინვარქვეშა ტბა, რომელიც მთლიანად ყინულებქვეშაა მოქცეული. ვულკანის სიცხე მის მაღლა არსებულ ყინულს უცბად ადნობს, რის შედეგადაც, ქვეშ, კრატერში (კალდერა) წარმოიქმნება ტბა. პერიოდულად, წყლის მოცულობა კალდერის ტევადობას აჭარბებს და ხდება მყინვარული წყალმოვარდნა, იგივე იოკიულჰლიოიპი. ამ დროს გამოთავისუფლდება ასობით კვადრატული კილომეტრის მოცულობის წყალი. ოფეიგსონის განცხადებით, ტბა ახლა საკმაოდ სავსეა და შესაბამისად, ამ ზაფხულს უნდა ველოდოთ გრიმსვეტნის წყალმოვარდნასაც.

ოფეიგსონის თქმით, როდესაც ვულკანი ამოფრქვევისთვის მზად არის, ამოფრქვევის გამომწვევი შეიძლება გახდეს წყალდიდობა. ლანკასტერის უნივერსიტეტის ვულკანოლოგ დეივ მაკგარვის განმარტებით, გრიმსვეტნს ზედმეტი მგრძნობელობა აქვს წნევისადმი და შესაბამისად, ტბის დაცვლის შედეგად წნევის დაცემა შეიძლება ამოფრქვევის საწყისი გახდეს. გამომდინარე აქედან, მეცნიერები რეალურ დროში აკვირდებიან გრიმსვეტნის მყინვარქვეშა ტბის მოცულობას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ტბის დაცლამ წარსულში გრიმსვეტნის მრავალი ამოფრქვევა გამოიწვია, მათ შორის 2004 წელსაც, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შემდეგი ამოფრქვევაც წყალმოვარდნას მოჰყვება.

მიუხედავად გრიმსვეტნის გამანადგურებელი ამოფრქვევების ისტორიისა, მკვლევართა პროგნოზით, შემდეგი ამოფრქვევა არც ისე კატასტროფული იქნება. გრიმსვეტნს დიდი ამოფრქვევა ყოველ 150-200 წელიწადში ერთხელ ახასიათებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო დიდი ამოფრქვევა 2011 წელს მოხდა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალი ამოფრქვევა საკმაოდ პატარა იქნება. მაკგარვი შენიშნავს, რომ ამოფრქვევათა უმეტესობას მყინვარი აკავებს და მას არც სცდება. მაგმისა და წყლის ურთიერთქმედების გამო, ფერფლი საკმაოდ სველია და უმეტეს შემთხვევაში წარმოქმნის 40 კილომეტრამდე სიგრძის ჭავლს. უფრო საშიშია წყალმოვარდნა მყინვარქვეშა ტბიდან, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ ხდება, ისლანდია ამ მოვლენისთვის კარგად არის მომზადებული.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები დარწმუნებული არიან გრიმსვეტნის ამოფრქვევის მოახლოებაში, მონიტორინგის მონაცემები მაინც შეზღუდულია, რადგან ვულკანი ყინულით არის დაფარული.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება გრიმსვეტნის შემდეგი ამოფრქვევა — ის მაინც ნამდვილად დრამატული სანახავი იქნება.

„2011 წლის ამოფრქვევის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ადგილზე ავედი. ჩემ წინაშე გადაიშალა შთამბეჭდავი წრიული ნაპრალები და ბზარები ყინულის ზედაპირზე, რადგან ყინული ნელა, მაგრამ შეუპოვრად იხევდა უკან, ამოფრქვევის ადგილისკენ, რათა ამოევსო ამოფრქვევის შედეგად გაჩენილი ხვრელი“, — ამბობს ლანკასტერის უნივერსიტეტის ვულკანოლოგი დეივ მაკგარვი.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.