იტალიაში სუპერვულკანი ახალ ციკლს იწყებს, რაც შესაძლოა, დიდი ამოფრქვევით დასრულდეს
იტალიაში სუპერვულკანი ახალ ციკლს იწყებს, რაც შესაძლოა, დიდი ამოფრქვევით დასრულდეს

თითქმის 500 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იტალიაში ვულკანი ფლეგრეის მინდორი ბოლოს ამოიფრქვა. თუმცა, როგორც ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, სუპერვულკანმა შესაძლოა, მალე კვლავ გაიღვიძოს.

ამ გიგანტური კალდერის ჩრდილქვეშ, ნეაპოლის რეგიონში მცხოვრები 1,5 მილიონი ადამიანისთვის ამოფრქვევის პირდაპირი საფრთხე ჯერ არ არსებობს. თუმცა, როგორც კვლევის შედეგები მიუთითებს, ფლეგრეის მინდორი სავარაუდოდ, მაგმის ახალ ციკლს იწყებს, რასაც ჯოჯოხეთური, გამანადგურებელი შედეგების მოტანა შეუძლია.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ფლეგრეის მინდვრის სუბვულკანური მილების სისტემა ბოლო პერიოდში შენების ახალ ფაზაში შევიდა, სავარაუდოდ ფინალურში, რაც მომავალში, წინასწარ უცნობ რაღაც მომენტში ამოფრქვევით დასრულდება.

მეცნიერთა ჯგუფმა სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვულკანოლოგ ფრანჩესკა ფორნის ხელმძღვანელობით, შეისწავლა 23 ამოფრქვევა ფლეგრეის მინდვრის ისტორიიდან.

მათ შორის უკანასკნელი 1538 წელს მოხდა, გრძელდებოდა რვა დღის განმავლობაში და იმდენად ძლიერი იყო, რომ დაიბადა ახალი მთა, სახელად მონტე-ნუოვო. თუმცა, ეს ამოფრქვევა შედარებით მცირე იყო ფლეგრეის სხვა ამოფრქვევებს შორის.

მათ შორის აღსანიშნავია დაახლოებით 39 000 წლის წინ მომხდარი ორი უზარმაზარი ამოფრქვევა.

ამ მასიურ აფეთქებათა შედეგად დარჩა ორი მოზრდილი კალდერა — ამოტყორცნილი ქანებისგან მოსუფთავებული სივრცე. ამ ამოფრქვევათა შემდეგ, ვულკანური ფერფლი დაახლოებით 3,7 მლნ კვადრატულ კილომეტრზე გაიშალა.

მკვლევართა მიერ ორი უდიდესი და 21 მცირე ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ქანების, მინერალებისა და მინისთვის ჩატარებული ქიმიური ანალიზების მიხედვით, ფლეგრეის მინდვრის ქვეშ მაგმის მდგომარეობა შესაძლოა, ხელახლა შედიოდეს წნევის მომატების ფაზაში, რაც როგორც წესი, წინ უძღვის ამოფრქვევებს.

როგორც მონაცემები მიუთითებს, მონტე-ნუოვოს ბოლო ამოფრქვევა ხასიათდება ძლიერ განსხვავებული მაგმით, რომელიც ძალიან ჰგავს იმ მაგმას, რომელიც კვებავს კალდერამდელ აქტივობას და კალდერის წარმომქმნელ ამოფრქვევათა საწყის ფაზას.

მონტე-ნუოვოს ამოფრქვევისას ამოტყორცნილი მაგმა წყლით გაჯერებული და გაზოვანი იყო, შეიცავდა დიდი ოდენობით CO2-ს და შეინიშნებოდა ფლეგრეის ვულკანურ განვითარებამდე, აფეთქებისას, რომელიც წინ უსწრებდა უდიდეს ამოფრქვევას.

არავინ იცის დაზუსტებით, ნიშნავს თუ არა ეს ყოველივე ახალ ციკლში შესვლას და გამანადგურებელი სუპერვულკანური ამოფრქვევისთვის სამზადისს. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ასეთ მოვლენამდე ასობით ან ათასობით წელი გვაშორებდეს.

მკვლევართა თქმით, ასეთი ფიზიკური და ქიმიური გარემო ვულკანმა შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს.

დღეისათვის, მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი ცხოვრობს აქტიური ვულკანებიდან 100 კმ-ის რადიუსში. ამ ახალი კვლევის წყალობით, მეცნიერებს ხელთ აქვთ სრულიად ახალი მეთოდი, რომელიც მათ მაგმის ცილკების განვითარების უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

მკვლევართა თქმით, ზედაპირქვეშა მაგმის მდგომარეობის შეფასება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ, რა შეიძლება მოიმოქმედოს ვულკანმა მომავალში. მათი განცხადებით, უკიდურესად დაბალია ნამდვილად დიდი ამოფრქვევის ალბათობა, მაგრამ თუკი ეს მაინც მოხდა, საჭიროა მის შესახებ წინასწარ ვიცოდეთ რაც შეიძლება ბევრი რამ.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.