ინდოეთის ოკეანეში დაფიქსირებულია ისტორიაში უდიდესი წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევა
ინდოეთის ოკეანეში დაფიქსირებულია ისტორიაში უდიდესი წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევა

გასული წლის ნოემბერში, გეოლოგები რაღაც უცნაურის დაფიქსირების შესახებ იუწყებოდნენ — საქმე ეხებოდა უზარმაზარ სეისმურ მოვლენას, რომელიც სათავეს იღებდა ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ მაიოტის სიღრმეში. რამდენიმე თვის შემდეგ, ზუსტი დეტალების გასარკვევად მეცნიერებმა მოდელირებას მიმართეს — მოახდინეს გიგანტური წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის სიმულაცია.

როგორც ჩანს, სინამდვილეშიც სწორედ ეს მოვლენა მოხდა. მეცნიერებმა მოინახულეს ის ადგილი, სადაც მათი აზრით მოვლენის ეპიცენტრი იყო. იქ მათ დიდი აქტიური ვულკანი დახვდათ, რომელიც ზღვის ფსკერიდან 800 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული, სიგანეში კი 5 კილომეტრზე გაშლილი.

ეს გახლავთ დიდი აქტიური ვულკანი, რომელიც ექვსი თვის წინ არ არსებობდა.

სეისმური რყევები 2018 წლის 10 მაისს დაიწყო. რამდენიმე დღის შემდეგ, 15 მაისს, მოხდა 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა. მას შემდეგ კიდევ ასობით მცირე სეისმური ბიძგი დაფიქსირდა, რაც ნოემბერში მძლავრი მიწისძვრით დაგვირგვინდა.

ყველა ბიძგი სათავეს იღებდა კუნძულ მაიოტის აღმოსავლეთ სანაპიროდან 50 კილომეტრში. ეს რეგიონი საფრანგეთის კუთვნილ კომორის კუნძულებში შედის და მდებარეობს აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, მადაგასკარის ჩრდილოეთით.

იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა რეალურად, ამ ზონის შესასწავლად, საფრანგეთის რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტმა, სპეციალური გემით მეცნიერთა ჯგუფი გაგზავნა.

2019 წლის თებერვლიდან ჯგუფმა რეგიონის მონიტორინგი დაიწყო. 3,5 კმ სიღრმეზე, ზღვის ფსკერზე მათ სეისმომეტრები მოათავსეს. ფსკერის შესასწავლად მათ მრავალჭავლიანი ჰიდროლოკატორი გამოიყენეს. აიღეს ქანების ნიმუშებიც.

ოკეანის ბათიალური ზონის სიღრმეებში მომხდარი უცნაური მოვლენის ყოვლისმომცველი სურათის მისაღებად, მეცნიერებმა შეგროვებული მონაცემები შეაჯერეს.

შედეგი უბრალოდ მომაჯადოებელია. სეისმომეტრების მონაცემები მიუთითებს, რომ ზედაპირიდან 20-50 კმ სიღრმეზე განთავსებულია მაგმის დიდი კამერა. ზღვის ფსკერზე იქიდან შეიძლება ჟონავდეს ცხელი მაგმა, სადაც ის ცივ წყალს ერევა და მაგრდება, რაც ქერქის დაბზარვას იწვევს.

ვულკანური ნივთიერებების ჭავლები ზედა მიმართულებით მხოლოდ 2 კმ-ზე გავრცელდა და სწორედ ამიტომ დარჩა ეს მოვლენა ზედაპირიდან შეუმჩნეველი. ზღვის ფსკერიდან ამოტყორცნილი ქანები კვლავ დაბლა დაილექა. მეცნიერთა აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვულკანური მასალებისგან გამოთავისუფლდა მაღალი წნევის გაზები.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მაიოტიდან აღებული GPS მონაცემები მიუთითებს, რომ კუნძული გადაადგილდება და იძირება. გასული წლის მაისის შემდეგ, კუნძულმა 10 სანტიმეტრით აღმოსავლეთით გადაინაცვლა და 13 სანტიმეტრით ჩაიძირა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვულკანის წარმომქმნელი მაგმის კამერა კოლაფსირდება და იკუმშება.

ამან კი შეიძლება ახსნას, თუ როგორ წარმოიქმნა ვულკანი. იგი კარგად ეთავსება მაგმური ამოტყორცნების ფორმირებას, რა დროსაც ამოზიდული ცხელი ქანების ჭავლები დედამიწის მანტიის თავთხელ ადგილებში იწვევს დნობას. კომორის კუნძულები მაგმური ამოტყორცნების ცხელი წერტილია. ეს კუნძულები ვულკანური აქტივობის შედეგად არის წარმოქმნილი, თუმცა, დეტალები ბოლომდე დადასტურებული არ არის.

საფრანგეთის ხელისუფლება უკვე იღებს გარკვეულ ზომებს კუნძულ მაიოტის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რადგან ბიძგები და ჩაძირვა კვლავ გრძელდება.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია sciencemag.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.