ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა. „როიტერსის“ ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ სუმატრაზე მოხდა.

სამაშველო სამსახურების ცნობით, ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად ნაპოვნია 11 მთამსვლელის ცხედარი და სამი გადარჩენილი, კიდევ 12 დაკარგულის ძებნა კი დროებით შეჩერებულია უსაფრთხოების მიზეზებით.

ვულკანი მარაპი კვირას ამოიფრქვა. ვულკანი ჰაერში ფერფლს სამი კილომეტრის სიმაღლეზე აფრქვევდა. ხელისუფლებამ განგაშის მეორე უმაღლესი დონე გამოაცხადა და კრატერიდან სამი კილომეტრის რადიუსში ტერიტორიაზე შესვლა აკრძალა. მანამდე, ორშაბათს საშიში ზონიდან 49 მთამსვლელის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან ზოგიერთს სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა აქვს მიღებული.

მარაპი კუნძულ სუმატრას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. 1979 წლის აპრილში მის ამოფრქვევას 60 ადამიანი ემსხვერპლა.