ვიკინგების ფეკალიების საშუალებით, მეცნიერებმა ადამიანის ერთ-ერთი უძველესი პარაზიტის გენომი გაშიფრეს — #1tvმეცნიერება
ვიკინგების ფეკალიების საშუალებით, მეცნიერებმა ადამიანის ერთ-ერთი უძველესი პარაზიტის გენომი გაშიფრეს — #1tvმეცნიერება

უძველესი ტუალეტების კვლევა ახალ ცნობებს გვაწვდის ადამიანებისა და იმ ჭიების ურთიერთობის შესახებ, რომლებსაც ასე ძლიერ ვუყვარვართ.

სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ვიკინგების 2500 წლის წინანდელი საპირფარეშოებიდან აღებული დნმ-ის საშუალებით, მეცნიერებმა აღადგინეს ადამიანის ერთ-ერთი უძველესი პარაზიტის გენომი.

შედეგები ცხადყოფს, რომ შოლტი ჭია, იგივე ადამიანის ტრიქოცეფალუსი (Trichuris trichiura), უკვე სულ მცირე 55 000 წელიწადია, რაც ადამიანებთან ერთად ცხოვრობს და ერგება.

მკვლევართა განცხადებით, ახალი ინფორმაცია ამ ციცქნა პარაზიტების ბიოლოგიისა და ქცევის შესახებ, მათი გავრცელების პრევენციის მეთოდების შემუშავებაში დაგვეხმარება.

„იმ ადამიანებში, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებებიან ან დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვთ, ამ ჭიას სერიოზული ავადმყოფობის გამოწვევა შეუძლია. მისი გენეტიკური განვითარების შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებული ცნობები აადვილებს უფრო აფექტიანი ანტიპარაზიტული პრეპარატების შექმნას, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ყველაზე ღარიბ რეგიონებში ამ პარაზიტის გავრცელების საწინააღმდეგოდ“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ზოოლოგი კრისტიან კაპელი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჭია მსოფლიოს ინდუსტრიალიზებულ ნაწილებში ახლა იშვიათობაა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ის მსოფლიოში 795 მილიონამდე ადამიანს აინფიცირებს, განსაკუთრებით ცუდი სანიტარული პირობების მქონე რეგიონებში.

მისი კვერცხები ადამიანის ფეკალიებით ვრცელდება; გადაცემა შეიძლება მოხდეს ფეკალ-ორალური გზით, როდესაც დაბინძურებული ფეკალური მასა ნიადაგში ან წყალში ხვდება, რომელსაც შემდეგ სხვა მასპინძელი ჩაყლაპავს.

მას შემდეგ, რაც ახალი მასპინძლის ნაწლავებში მოხვდება, კვერცხები იჩეკება და მდედრი ჭიები დღეში 20 000-მდე კვერცხის გამუდმებით დებას იწყებენ. ისინი ერთ წლამდე ცოცხლობენ და შესაბამისად, ჰყავთ აურაცხელი შთამომავლობა, რომლებიც შემდეგ ფეკალიებით გამოიდევნება და ციკლი გრძელდება.

„კვერცხები ნიადაგში რჩება და დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ვითარდება. მომწიფების შემდეგ, ველურ გარემოში კვერცხები უფრო დიდხანსაც ძლებს და ელოდებიან, როდის მოხვდებიან ახალ მასპინძელში, შემდეგ კი მათ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გამოიჩეკებიან“, — განმარტავს კაპელი.

მისი განცხადებით, მთელი მათი სასიცოცხლო ციკლი მორგებულია ნიადაგში რაც შეიძლება დიდხანს გადარჩენას.

სწორედ ნიადაგში ასეთი გამძლეობის წყალობით შეძლო მკვლევართა ჯგუფმა ადამიანის უძველეს, განმარხებულ განავალში მოპოვებული დნმ-ის სეკვენირება. კვერცხებს ქიტინის მყარი გარსი აქვთ და შიგნით დნმ-ს ინახავენ, მორგებული არიან ნიადაგის გარემოში დიდხანს გადარჩენას.

სწორედ კვერცხების და არა ზრდასრული ჭიების გამომშრალი სხეულებით შეძლეს მკვლევრებმა სეკვენირება. კვერცხები მოიპოვეს ვიბორგში, კოპენჰაგენში, ასევე ლატვიასა და ნიდერლანდებში არსებულ ვიკინგურ დასახლებათა ძეგლებზე.

კვერცხების იზოლირებისთვის, მიკროსკოპით ჯამში 17 უძველესი სხვადასხვა ნიმუში შეისწავლეს, შემდეგ კი გენეტიკური ანალიზები ჩაუტარეს.

ჯგუფმა ასევე შეისწავლა ადამიანთა და მაიმუნთა თანამედროვე ნიმუშები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან, რათა ისინი უძველესი გენომისთვის შეედარებინათ.

„გასაკვირი არ არის, რომ როგორც ვნახეთ, შოლტი ჭიები დანარჩენ მსოფლიოში აფრიკიდან გავრცელდა, დაახლოებით 55 000 წლის წინ, ადამიანთა მიგრაციის ე. წ. აფრიკიდან გამოსვლის ჰიპოთეზის კვალდაკვალ“, — ამბობს კაპელი.

შედეგები მიუთითებს, რომ პარაზიტი მორგებულია ადამიანის სხეულთან ერთად და არა მის წინააღმდეგ მუშაობას, რათა დარჩეს შეუმჩნეველი, ცოცხალი და გავრცელდეს რაც შეიძლება ბევრ მასპინძელში.

ასევე შესაძლებელია, რომ სულ მცირე ზოგიერთ შემთხვევაში, შოლტი ჭიების ინფექციის მსუბუქ შემთხვევებს სასარგებლო ეფექტი ჰქონდეს მასპინძლის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ ღორის შოლტი ჭია ზრდის ნაწლავის ჯანსაღი ბაქტერიის მრავალფეროვნებას და ამცირებს იმ ბაქტერიებს, რომლებიც ღორების ჯანმრთელობის გაუარესებასთან არიან დაკავშირებული.

თუმცა, მწვავე ინფექციებისას, შედეგები უფრო არასასიამოვნოა; მათ შორის არის დიზენტერია, ანემია, სწორი ნაწლავის პროლაფსი, ბავშვებში კი შეიძლება დაბლოკოს ჯანსაღი ზრდა. მკვლევართა განცხადებით, ახალმა კვლევამ შეიძლება ახალი ხელსაწყოები მოგვაწოდოს ამ ყველაფრის პრევენციისათვის.

„ვიკინგების ხანაში და შუა საუკუნეებში, არ არსებობდა კარგი სანიტარული გარემო პირობები ან ერთმანეთისგან კარგად განცალკევებული სამზარეულო და საპირფარეშო განყოფილებები“, — აღნიშნავს კაპელი.

მისი განცხადებით, ამ ყველაფერმა შოლტ ჭიებს გავრცელების უკეთესი საშუალება მისცა. მსოფლიოს ინდუსტრიალიზებულ ნაწილში დღეს ის იშვიათობაა. სამწუხაროდ, ეს პარაზიტი დღემდე არსებობს მსოფლიოს ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.