ნორვეგიის მთებში გამდნარ ყინულებში ვიკინგების მრავალი არტეფაქტი და ნასახლარი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ნორვეგიის მთებში გამდნარ ყინულებში ვიკინგების მრავალი არტეფაქტი და ნასახლარი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

2011 წლის ზაფხული სამხრეთ ნორვეგიაში უჩვეულოდ ცხელი იყო. მაღალ მთებში, უღელტეხილები, რომლებიც წინა წლებში თოვლითა და ყინულით იყო გადაჭედილი, ახლა მხოლოდ ნადნობი წყლის გუბეები იდგა. პროექტ Secrets of the Ice (ყინულის საიდუმლოებანი) მეცნიერები სწორედ იქ, ლენდბრინის უღელტეხილის ყინულისგან გამოთავისუფლებულ ლოდებში მიიკვლევდნენ გზას, როდესაც გააცნობიერეს, რომ დიდ არქეოლოგიურ საგანძურზე დააბიჯებდნენ, რომელიც იქამდე, თითქმის ათასი წლის განმავლობაში იყო გაყინული. სულ მალე დაიწყეს უთვალავი იარაღის, არტეფაქტისა და იარაღის შეგროვება — ყველა ეს ნივთი ერთ დროს ვიკინგებს ეკუთვნოდათ.

მას შემდეგ, რაც მათმა აღმოჩენამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, მკვლევართა ჯგუფმა გადაწყვიტა, 2021 წლის ზაფხულში ლენდბრინის უღელტეხილს კვლავ დაბრუნებოდა და აღმოჩენათა შესახებ უფრო დეტალური პასუხები მიეღო. კითხვა კი ბევრი რჩებოდა; მათ შორის, რა მიზანი ამოძრავებდათ ამ უძველეს მოგზაურებს და სად მიემგზავრებოდნენ. ექსპედიციისას, მკვლევრები ლენდბრინის უღელტეხილის მიდამოებსაც გასცდნენ. იქამდე, უღელტეხილის ტერიტორიაზე სხვადასხვა არტეფაქტს შორის ასევე აღმოჩენილი იყო ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, მარხილები და ცხოველთა ნეშტები. მე-18 საუკუნის ლეგენდის მიხედვით, უღელტეხილის მთის კალთებზე შეფენილ საძოვრებზე ძველ დროში რაღაც სხვა დასახლება უნდა ყოფილიყო. ძებნამ შედეგი გამოიღო. მკვლევრებმა აღმოაჩინეს ქვის მრავალი საძირკველი, რომლებზეც მრავალი საუკუნის წინ ხის ნაგებობები იდგა. რადიონახშირბადულმა დათარიღებამ ცხადყო, რომ ეს სახლები ახ. წ. 750-1150 წლებს შორის პერიოდის იყო.

ლარს პლიო მყინვარების არქეოლოგი და პროექტ Secrets of the Ice-ის ხელმძღვანელია; პროექტი ოსლოს უნივერსიტეტს ეკუთვნის. პლიოს განცხადებით, ჯერ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდნენ ვიკინგები ამ მაღალმთიან უღელტეხილებს და მათი მთავარი მიზანი პირუტყვის მწყემსვა იყო, მოგზაურობა თუ ვაჭრობა.

„მყინვარების დნობის შედეგად გამოთავისუფლებული არტეფაქტები მონაცემთა ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ამ საკითხის გასარკვევად. ისინი გვიჩვენებს, რომ სამხრეთ ნორვეგიის მაღალმთიანეთი სულაც არ იყო მიყრუებული ზონა“, — ამბობს პლიო.

არტეფაქტები მიუთითებს, რომ უძველეს ხალხს, რომელიც ამ ალპურ უღელტეხილებს იყენებდა, კონტაქტი ჰქონდა უფრო ფართო ვიკინგურ სამყაროსთან.

ლენდბრინის უღელტეხილზე აღმოჩენილ ქვის საძირკვლებზე მკვლევრებმა მცირე გათხრები ჩაატარეს და თითოეული მათგანის ცენტრში ნახშირიც კვალს მიაგნეს, რამაც მათ ამ ნასახლარების ზუსტი დათარიღების საშუალება მისცა.

უფრო მაღლა, გამდნარ ყინულებში აღმოჩენილი მტკიცებულებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყო: მათ შორის, რკინისა და ბრინჯაოს ხანის ისრები, რომლებიც მიუთითებს, რომ მოსავლის მოყვანისა და პირუტყვის მოშენების პირობებშიც კი, ნადირობას მაინც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა; ასევე აღმოაჩინეს ახ. წ. მე-8 საუკუნის ხის თხილამურებიც.

მართალია, ასეთი აღმოჩენები ფრიად ამაღელვებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ კლიმატის ცვლილების შედეგად გახდა შესაძლებელი, რის შედეგადაც, სწრაფად დნება მყინვარები. კლიმატის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მონაცემებით, 1980-იანი წლებიდან დღემდე, ნორვეგიაში ჯამში 326 კვადრატული მეტრის ფართობის მყინვარები გაუჩინარდა. მყინვარებით დაფარული მთლიანი არეალი კი 30 წელიწადში 11 პროცენტით შემცირდა.

მაღალმთიანი არქეოლოგიის სახელგანთქმული ექსპერტი მარკ ალდენდერფერი ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების გავლენას ასეთ უნიკალურ ძეგლებზე.

„ვინაიდან ყინულების დნობა მომავალში კიდევ უფრო მოიმატებს, ამ მიმართულების არქეოლოგიამ ამით უნდა ისარგებლოს. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლებები ყველაფერს გააკეთებენ სათბურის აირების გამოყოფის შესამცირებლად და მთელი პლანეტის გადასარჩენად“, — ამბობს ალდენდერფერი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყინულებიდან გამოთავისუფლებული არტეფაქტები ხშირად ორგანული შემადგენლობისაა და მალევე იშლება, ანუ, იქამდე იკარგება, ვიდრე აღმოვაჩენთ.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.