
შაქარი — ტკბილი, დამაკმაყოფილებელი, ყველგან მყოფი. ხილიდან დაწყებული, დამუშავებული სუფრის შაქრითა და სასმელებით დამთავრებული, თითქმის ყველაფერშია, რასაც ვჭამთ.
მართალია, გემრიელია, მაგრამ შაქარი გვაძლევს ე. წ. ცარიელ კალორიებს — ენერგიას ძირითადი საკვები ნივთიერებების გარეშე. მისი ჭარბად მოხმარება დაკავშირებულია სიმსუქნესთან, მეორე ტიპის დიაბეტთან, გულის დაავადებებთან და კბილის პრობლემებთან; ამიტომ სულაც არაა უცნაური, რომ ჯანდაცვის უწყებები მისი ამოღებისკენ მოგვიწოდებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დამატებული შაქარი უნდა იმ დონემდე შევამციროთ, რომ მასზე კალორიების დღიური დოზის მხოლოდ 10 პროცენტი მოდიოდეს, BMJ კი უფრო დაბალ მაჩვენებელს გვირჩევს — დღეში არაუმეტეს ექვსი ჩაის კოვზისა (25 გრ) ქალებისთვის და ცხრა ჩაის კოვზისა (38 გრ) კაცებისთვის.
საპასუხოდ, მრავალი ადამიანი გადადის დამატკბობლებზე — შაქრის ალტერნატივაზე, რომელიც ტკბილია, მაგრამ არ შეიცავს კალორიებს. მათ შორის პოპულარულია ასპარტამი, სუკრალოზა, სტევია და ბერის ხილის (Siraitia grosvenorii) ექსტრაქტი.
ეს დამატკბობლები გვხვდება მრავალ დიეტურ სასმელში, უშაქრო ხემსებში და დაბალკალორიულ საკვებში; მათი მიზანია სხეულის წონისა და სისხლში შაქრის დონის მართვა.
თუმცა, ყველაფერი, რაც ტკბილია, სინამდვილეში ტკბილი როდია. განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საკამათო შაქრის შემცვლელი — ასპარტამი.
ასპარტამი ხელოვნური დამატკბობელია, რომელიც 1965 წელს აღმოაჩინეს; არის შაქარზე 180-200-ჯერ უფრო ტკბილი. რეგულირების ქვეშ პირველად აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მოაქცია 1974 წელს, 1981 წელს კი მშრალ საკვებში მოხმარებისათვის დაამტკიცა.
დღეისათვის ის 6000-ზე მეტ საკვებ და სასმელ პროდუქტში და 600-ზე მეტ პრეპარატში შედის.
ასპარტამს თავდაპირველად სიმსუქნის შესამცირებლად და დიაბატის მქონეთათვის იყენებდნენ — იძლეოდა ტკბილ გემოს შაქრის გარეშე. თუმცა, ათწლეულობით მოხმარების მიუხედავად, მისი უსაფრთხოება დღემდე ცხარე სამეცნიერო და საჯარო დებატების საგანია.
პოტენციური სარგებელი
ასპარტამს შაქრის მსგავსი, მაგრამ გაცილებით ძლიერი გემო აქვს; თითქმის არ აქვს კალორიები და ამიტომ მიმზიდველია წონის კონტროლის მსურველთათვის. ახლა, როცა მსოფლიოში სიმსუქნის მაჩვენებელი იზრდება, მცირე ოდენობით კალორიასაც კი მნიშვნელობა აქვს.
ასპარტამი სისხლში გლუკოზის დონეს არ ზრდის, რის გამოც, მეორე ტიპის დიაბეტის მქონეთა რჩეული დანამატია.
თუმცა, ზოგიერთმა კვლევამ მიაგნო პოტენციურ მის კავშირს მეტაბოლურ სინდრომთან და დიაბეტის რისკთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ასპარტამი კონტროლირებულად უნდა გამოვიყენოთ და არა შაქრის პირდაპირ ჩამნაცვლებლად.
მიუხედავად იმისა, რომ შეფასებების მიხედვით ასპარტამი უსაფრთხოა ამჟამინდელი მოხმარების მაჩვენებლით, შიშები მაინც რჩება.
პოტენციური რისკები
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს გვერდითი ეფექტები — თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან განწყობის ცვლილება. არსებობს ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ასპარტამს აკავშირებს ნეიროდეგენერაციასთან, ინსულტებთან და დემენციასთანაც კი.
ასპარტამი თავის ტვინში ზრდის ფენილალანინისა და ასპარტინის მჟავის დონეს ზრდის, რაც სერიოზული შეშფოთების საგანია ფენილკეტონურიის (PKU) მქონე ადამიანთათვის — იშვიათი მემკვიდრეობითი აშლილობა, როდესაც სხეული ვერ შლის ფენილალანინს.
შედეგად, ის სისხლსა და თავის ტვინში გროვდება და პოტენციურად იწვევს ტვინის დაზიანებას. PKU-ს მქონე ადამიანებმა სრულად უნდა აარიდონ თავი ასპარტამს.
ერთი კვლევა ასპარტამის მოხმარების შემდეგ სიმპტომებს აღწერს; მათ შორისაა გაღიზიანებადობა, შაკიკი, შფოთვა და უძილობა, განსაკუთრებით ჭარბი მოხმარებისას.
2023 წელს, კიბოს კვლევების საერთაშორისო სააგენტომ (IARC) ასპარტამი „შესაძლო კანცეროგენად“ დააკლასიფიცირა, მაგრამ მისი მოხმარება მაინც დაშვებულია არსებული შეზღუდვების ფარგლებში. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს კიბოსთან კავშირზე, მაგრამ დასკვნები არაერთგვაროვანია.
ასევე რეკომენდებულია, რომ ორსულებმა თავი შეიკავონ ასპარტამის მიღებისგან.როგორც კვლევები მიუთითებს, ის შეიძლება გავლენას ახდენდეს პლაცენტის სტრუქტურასა და ფუნქციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კალორიებს არ შეიცავს, ხელოვნურმა დამატკბობლებმა შეიძლება ტვინი მოატყუონ და მეტი სიტკბო მოანდომონ. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მადის და წონის მომატება კლების ნაცვლად. უფრო მეტიც, რამდენიმე კვლევამ მიაგნო დადებით კორელაციას ხელოვნურ დამატკბობლებსა და სიმსუქნეს შორის.
ნაწლავების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია
ახალი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ასპარტამი და სხვა დამატკბობლები შეიძლება არღვევდეს ნაწლავის მიკრობიომს — ბაქტერიების საზოგადოებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ საჭმლის მონელებაში, იმუნიტეტსა და განწყობაშიც კი.
ასეთმა დარღვევამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობასა და იმუნურ ფუნქციაზე, რაც პოტენციურად ზრდის ინფექციებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს.
ასპარტამი შეიძლება უშაქრო გამოსავალს გვთავაზობს, მაგრამ არა რისების გარეშე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წონის კონტროლისთვის არ გვირჩევს დამატკბობლების გამოყენებას. ამასობაში კი გრძელდება კვლევები, რათა დადგინდეს კომპლექსური კავშირები ასპარტამსა და ქრონიკულ დაავადებებს შორის.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.