ალკოჰოლის ყოველი ყლუპი კიბოს რისკს ზრდის — როგორ და რატომ #1tvმეცნიერება
ალკოჰოლის ყოველი ყლუპი კიბოს რისკს ზრდის — როგორ და რატომ #1tvმეცნიერება

ალკოჰოლი, რეგულარულად მოიხმართ თუ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზიანს აყენებს თქვენს სხეულს. დაწყებული თავის ტვინითა და გულით, ფილტვებითა და კუნთებით, დამთავრებული საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემებით — ალკოჰოლს ბევრი საზიანო ეფექტი აქვს თქვენს ჯანმრთელობაზე, მათ შორის, იწვევს კიბოს.

ალკოჰოლი აშშ-ში კიბოს გამომწვევი მესამე მთავარი პრევენცირებადი მიზეზია; ყოველწლიურად იწვევს კიბოს დაახლოებით 100 000 შემთხვევას და მათგან 20 000 ადამიანის სიკვდილს. შედარებისათვის — ალკოჰოლთან დაკავშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებით აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 13 500 ადამიანი კვდება.

მკვლევრები ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში ეჭვობდნენ, რომ ალკოჰოლი კიბოს იწვევს. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლი მიზეზობრივ კავშირშია პირის ღრუს, ყელის, ხორხის, საყლაპავი მილის, ღვიძლის, მსხვილი და სწორი ნაწლავისა და ძუძუს კიბოებთან. კიდევ ერთი კვლევა იუწყება კავშირზე ქრონიკულ და ჭარბ სმასა და პანკრეასის კიბოს შორის.

2000 წელს, აშშ-ის ეროვნულმა ტოქსიკოლოგიურმა პროგრამამ დაასკვნა, რომ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ადამიანისთვის კანცეროგენია. 2012 წელს, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილი) ალკოჰოლს 1-ლი ჯგუფის კანცეროგენის კლასიფიკაცია მიანიჭა, ანუ ყველაზე მაღალი კლასიფიკაცია, რომელიც მიუთითებს, რომ საკმარისია მტკიცებულებები, რათა დავასკვნათ, რომ ეს ნივთიერება ადამიანებში კიბოს იწვევს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი თანხმდებიან, რომ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ ალკოჰოლი რამდენიმე ტიპის კიბოს იწვევს.

აშშ-ის კვების გაიდლაინების თანახმად, მცირე ოდენობის ალკოჰოლიც კი, დღეში ერთ ჭიქაზე ნაკლები — კიბოს რისკს ზრდის. მიუხედავად ამისა, ბევრმა ამერიკელმა მაინც არ იცის, რომ ალკოჰოლი კიბოს იწვევს. 2019 წლის კვლევის მიხედვით, ამერიკელ მოზრდილთა მხოლოდ 50-მა პროცენტმა იცის, რომ ალკოჰოლის მოხმარებას თან ახლავს კიბოს რისკები.

2023 ნარკოტიკების მოხმარებისა და ჯანმრთელობის შესახებ წელს ჩატარებული ეროვნული კვლევის თანახმად, 12 წლის ზემოთ ასაკის 224 მილიონზე მეტი ამერიკელი ცხოვრების რაღაც მომენტში ალკოჰოლს სვამს — ამ ასაკობრივი ჯგუფის 79 პროცენტზე მეტი.

UMass Chan-ის სამედიცინო სკოლის მედიცინის პროფესორმა პრანოტი მანდრეკარმა და მისმა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა ზოგიერთი იმ მექანიზმის დასადგენად, რომლითაც ალკოჰოლი კიბოს რისკს ზრდის, მათ შორის, იმუნური უჯრედებისა და ღვიძლის დაზიანებით.

როგორ იწვევს ალკოჰოლი კიბოს

კიბო მაშინ ჩნდება, როცა სხეულში უჯრედები უკონტროლოდ იზრდებიან. ალკოჰოლი სიმსივნეს შეიძლება იწვევდეს დნმ-ის დაზიანებით, რაც განაპირობებს მუტაციებს, რომლებიც არღვევენ ნორმალურ უჯრედთა დაყოფასა და ზრდას.

მკვლევრებმა გამოავლინეს ალკოჰოლთან და კიბოს განვითარებასთან დაკავშირებული რამდენიმე მექანიზმი. აშშ-ის გენერალური ქირურგის 2025 წლის მოხსენება წარმოაჩენს ოთხ სხვადასხვა გზას, რომლითაც ალკოჰოლს კიბოს გამოწვევა შეუძლია: ალკოჰოლის მეტაბოლიზმი, ოქსიდაციური სტრესი და ანთება, ცვლილებები ჰორმონების დონეში და ურთიერთქმედება სხვა კანცეროგენებთან, მაგალითად, თამბაქოს მოწევასთან.

ალკოჰოლის მეტაბოლიზმი არის პროცესი, რომლითაც სხეული ალკოჰოლს შლის და გამოდევნის. როცა ალკოჰოლი იშლება, მისი პირველი ქვეპროდუქტი არის აცეტალდეჰიდი — ქიმიური ნივთიერება, რომელიც თავადაც კანცეროგენად არის კლასიფიცირებული. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გარკვეულ გენეტიკურ მუტაციებს შეუძლიათ, რომ სხეულს ალკოჰოლის დაშლა დააჩქარებინონ, რაც იწვევს აცეტალდეჰიდის დონის მომატებას.

ასევე არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომ ალკოჰოლი სხეულს გამოამუშავებინებს საზიანო მოლეკულებს, რომლებსაც თავისუფალი რადიკალები ეწოდებათ. ამ მოლეკულებს შეუძლიათ, დააზიანონ დნმ, ასევე ცილები და ლიპიდები უჯრედებში პროცესით, რომელსაც ოქსიდაციური სტრესი ჰქვია.

პრანოტი მანდრეკარის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის მოხმარებით წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს შეუძლიათ პირდაპირი გავლენა იქონიონ უჯრედების მიერ ცილების წარმოქმნასა და დაშლაზე, რაც განაპირობებს პათოლოგიური ცილების წარმოქმნას, რომლებიც ხელს უწყობენ ანთებას — თავის მხრივ კიბოს წარმოქმნის ხელშემწყობს.

ალკოჰოლს ასევე შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს ჰორმონების დონეზე ისე, რომ გაიზარდოს კიბოს რისკი. მაგალითად, ესტროგენები ზრდიან ძუძუს კიბოს რისკს. ალკოჰოლის ზომიერი სმა ამაღლებს ესტროგენის დონეს და ადამიანს აგულიანებს კიდევ უფრო მეტის სმისკენ. ალკოჰოლი აძლიერებს ძუძუს კიბოს რისკს, რადგან ამცირებს A ვიტამინის დონეს — ნაერთის, რომელიც ესტროგენს არეგულირებს.

მსმელებს და მწეველებს მაღალი აქვთ რისკი, რომ განუვითარდეთ პირის, ხახისა და ხორხის კიბო. ალკოჰოლი სხეულს უადვილებს სიგარეტსა და ელექტრონულ სიგარეტში შემავალი კანცეროგენების შთანთქმას. თავად მოწევასაც შეუძლია გამოიწვიოს ანთება და დაასტიმულიროს დნმ-ოს დამაზიანებელი თავისუფალი რადიკალები.

რამდენი ალკოჰოლია უსაფრთხო?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენი ალკოჰოლი შეგიძლიათ დალიოთ, რომ ის უსაფრთხო იყოს და თავიდან აიცილოთ ზიანი. თუ ექიმებს და მეცნიერებს კითხავთ, პასუხი შეიძლება არ მოგეწონოთ — არავითარი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ამერიკის კვების გაიდლაინის რეკომენდაციით, ქალებისთვის დასაშვებია დღეში არაუმეტეს ერთი და კაცისთვის არაუმეტეს ორი ჭიქა.

ალკოჰოლის მოხმარება კიბოს ძლიერ პრევენცირებადი მიზეზია. თუმცა, ამჟამად არ არსებობს იმის განსაზღვრის გზა, როგორია ვინმესთვის ალკოჰოლისგან კიბოს პერსონალური რისკი.

კიბოს წარმოქმნაში ალკოჰოლის ეფექტზე გავლენა შეიძლება იქონიოს თითოეული პირის გენეტიკურმა წარსულმა, ცხოვრების სტილმა, კვებამ და ჯანმრთელობის ფაქტორებმა.

მიუხედავად ამისა, ალკოჰოლის სმაზე უარის თქმა დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და კიბოს რისკის შემცირებაში.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.