არამწეველებში ფილტვის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა იზრდება — მეცნიერებმა მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა მოსახლეობასთან პროპორციაში მცირდება, ფილტვის კიბის წელიწადში თითქმის ორი მილიონი ადამიანი ეწირება. ახალი კვლევა მიუთითებს ამ დაავადების შემაშფოთებელ ზრდაზე იმ ადამიანებში, რომლებსაც სიგარეტი არასოდეს მოუწევიათ.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ადამიანთა ამ ჯგუფში ფილტვის კიბოს შემთხვევათა მაჩვენებელი დაკავშირებული უნდა იყოს ჰაერის დაბინძურების დონის ზრდასთან და ამის გამო ჯანმრთელობის დაზიანებასთან. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდი სიტუაციაა აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ, ჩინეთში.
„ვინაიდან ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული კიბოა მთელ მსოფლიოში, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიურ მახასიათებელთა ცვლილებებისა და მათი პოტენციური მიზეზების გარკვევა“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კიბოს გლობალური ობსერვატორიის (GLOBOCAN) 2022 წლის სტატისტიკისა და ასევე 1988-2017 წლებს შორის კიბოს შემთხვევათა რეესტრის კვლევის შედეგად, მკვლევრებმა გამოავლინეს, რომ მთელ მსოფლიოში ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპია ადენოკარცინომა, რომელზეც მოდის შემთხვევათა 45,6 პროცენტი კაცებში და 59,7 პროცენტი ქალებში.
ადენოკარცინომა გლანდებში იწყება და მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად შეიძლება გამოწვეული იყოს მოწევით, მწეველებში ის კიბოს ნომერ პირველი ტიპი არ არის. თუმცა, ფილტვის კიბოს ნომერი პირველი ტიპია არამწეველებში.
მათ მიერ მიღებული შედეგების გადაკვეთით წინა კვლევებთან, მკვლევრებმა გამოავლინეს ფილტვის კიბოს შემთხვევათა ტენდენციის ზრდა ადამიანებში, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები. მკვლევართა განცხადებით, ეს რაღაც ისეთია, რაც აღმოფხვრას საჭიროებს მოწევის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად.
„ვინაიდან მწეველთა რაოდენობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სულ უფრო მცირდება, იზრდება ფილტვის კიბოს პროპორცია იმ ადამიანებში, ვინც არასოდეს ყოფილა მწეველი. კერძოდ, ფილტვის კიბო არასოდეს მწეველ ადამიანებში დაახლოებით მეხუთე მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში კიბოსთან დაკავშირებულ სიკვდილიანობაში; ჩნდება თითქმის ექსკლუზიურად ადენოკარცინომის სახით და ყველაზე ხშირად აზიის მოსახლეობაში“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევართა ვარაუდით, არამწეველებში ფილტვის კიბოს შემთხვევათა ზრდის ნაწილობრივი მიზეზი არის ჰაერის დაბინძურების ზრდა; ამას გარდა, ადენოკარცინომასა და ჰაერის დაბინძურებას შორის კავშირზე მიუთითებს რამდენიმე წინა კვლევაც.
მიუხედავად იმისა, რომ ფილტვის კიბოს ერთი მიზეზი (მოწევა) მცირდება, მეორე იზრდება (ჰაერის დაბინძურება) და სამწუხარო ის არის, რომ ეს უკანასკნელი სულაც არ არის ცხოვრების სტილის არჩევანი.
როგორც ყოველთვის, მონაცემთა ხშირად შეგროვება და ანალიზი მეცნიერებს უკეთეს გაგებას აძლევს ფილტვის კიბოს განვითარების შესახებ, ასევე იმის შესახებაც, როგორ უნდა ვებრძოლოთ კიბოს ამ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტიპს.
კვლევა The Lancet Respiratory Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.