
შაქრიანი სასმელები, მათ შორის გაზიანი და ენერგეტიკული სასმელები ისეა დამზადებული, რომ წარმოუდგენლად გემრიელი იყოს, შეიცავს დიდი ოდენობით დამატკბობლებს, რათა თავის ტვინში მოახდინოს სიამოვნების ცენტრების სტიმულირება.
თუმცა, ეს საწყისი სიამოვნება ფარულ საფრთხეს შეიცავს. როგორც წესი, შაქრიანი სასმელები კვებითი ღირებულების თვალსაზრისით მწირია. კვლევები აჩვენებს, რომ ჩვევაში გამჯდარმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს ჯანმრთელობის რისკები — მაგალითად, კბილების დაშლა, სიმსუქნე, მე-2 ტიპის დიაბეტი და გულის დაავადებები.
უფრო მეტიც, აშშ-ის ტაფტსის უნივერსიტეტის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შაქრით დამტკბარი სასმელების მოხმარების გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად ფიქსირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 1,2 მილიონი და მე-2 ტიპის დიაბეტის 2,2 მილიონი ახალი შემთხვევა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში შაქრიანი სასმელების ზოგადი მოხმარება ბოლო წლებში შემცირდა, კვლევის ავტორები შენიშნავენ, რომ გაზიანი სასმელები და მათი ნათესავები მსოფლიოს დიდ ნაწილში რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხედ, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.
„შაქრით დამტკბარი სასმელები ძლიერ გაპიარებული და გაყიდვადია დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში. ეს საზოგადოებები არა მხოლოდ მოიხმარენ საზიანო პროდუქტებს, არამედ ხშირად ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ჯანმრთელობაზე მიყენებული გრძელვადიანი შედეგების გამოსწორებაზე“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტაფტსის უნივერსიტეტის კარდიოლოგი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერი დარიუშ მოზაფარიანი.
პრობლემა განსაკუთრებით საშინელია ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად, მექსიკაში დიაბეტის ყოველი სამი ახალი შემთხვევიდან ერთს, კვლევა შაქრიან სასმელებს უკავშირებს, კოლუმბიაში კი დიაბეტის შემთხვევათა თითქმის ნახევარს.
მკვლევართა ცნობით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დიაბეტის ახალ შემთხვევათა დაახლოებით 28 პროცენტი და გულის დაავადებათა 15 პროცენტი შაქრიან სასმელებთანაა დაკავშირებული.
კვლევა ფოკუსირებული იყო შაქრით დამტკბარ სასმელებზე (SSB), რასაც ავტორები უწოდებენ ნებისმიერ სასმელს რომელსაც შაქარი აქვს დამატებული და აქვს სულ მცირე 50 კილოკალორია 8 უნციაზე. მათ შორის არის კომერციული და სახლში დამზადებული გამაგრილებელი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები, ხილის სასმელები, პუნში, ლიმონათი.
ეს განსაზღვრება არ მოიცავს ისეთ სასმელებს, როგორიც არის დამტკბარი რძე, 100 პროცენტით ხილისა და ბოსტნეულის წვენები, არაკალორიული ხელოვნური დამატკბობლით დამტკბარი სასმელები, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანის ჭარბი მოხმარება მაინც შეიცავს ჯანმრთელობის რისკებს.
სასმელების მოხმარების მონაცემები მკვლევრებმა აიღეს Global Dietary Database-დან, რომელიც მოიცავს 2,9 მილიონ ადამიანს 118 ქვეყნიდან.
შაქრით დამტკბარ სასმელებსა და ავადმყოფობას შორის კავშირის დასადგენად, ეს მონაცემები და კარდიომეტაბოლური დაავადებების მაჩვენებლები შეიტანეს შედარებითი რისკის შეფასებაში, რომელიც ინფორმირებული იყო შაქრიანი სასმელების ფიზიოლოგიური ეფექტების წინა კვლევებით.
დადგინდა, რომ გლობალურად, შაქრიანი სასმელები, როგორც ხელშემწყობი ფაქტორია გულის დაავადებათა ყოველწლიურად 1,2 მილიონ ახალ შემთხვევაში და მე-2 ტიპის დიაბეტის 2,2 მილიონ ახალ შემთხვევაში.
კვლევა ასევე მიუთითებს, რომ ყოველწლიურად, შაქრიანი სასმელები იწვევს მე-2 ტიპის დიაბეტით სიკვდილის 80 000 და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის 258 000 შემთხვევას.
ავტორთა განცხადებით, შედეგები გამანადგურებელია, მაგრამ კარგად წარმოაჩენს, რომ შაქრიანი სასმელების ასეთი როლი შეიძლება დაგვეხმაროს მდგომარეობის შეცვლაში.
„საჭიროა გადაუდებელი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჩარევები, რათა გლობალურად შემცირდეს შაქრით დამტკბარი სასმელების მოხმარება იქამდე, ვიდრე უფრო მეტ სიცოცხლეს შეამოკლებს მათი ეფექტები დიაბეტზე და გულის დაავადებებზე“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ნუტრიციოლოგი ლაურა ლარა-კასტორი.
მკვლევართა განცხადებით, შაქრიან სასმელებს ჩვენი ორგანიზმი სწრაფად ინელებს, ზრდის სისხლში შაქრის დონეს და საუკეთესო შემთხვევაში, უზრუნველყოფს მხოლოდ მწირ კვებით ღირებულებას.
ზედმეტად ხშირად ზედმეტი ასეთი სასმლის მოხმარებამ შეიძლება განაპირობოს წონის მომატება და ინსულინისადმი რეზისტენტულობა, ასევე მე-2 ტიპის დიაბეტთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული სხვადასხვა მეტაბოლური პრობლემა.
მკვლევართა განცხადებით, ამ რისკების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერება შეიძლება მზარდია, მაგრამ არც ისე სწრაფი.
„გასაკეთებელი გაცილებით ბევრია, განსაკუთრებით ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში, სადაც მოხმარება მაღალია და შედეგები ჯანმრთელობაზე — მკაცრი“, — ა,ბობს მოზაფარიანი.
კვლევა Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია now.tufts.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.