უკრაინელმა ექსპერტებმა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, მუშაობა დაასრულეს.
შახტში მოკვლევის შემდეგ, სამთო ინჟინრებმა განაცხადეს, რომ მომხდარზე თავიანთ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს 10 დღის ვადაში მოამზადებენ.
„ჩვენ ვიყავით იმ ადგილზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. ვესაუბრეთ შახტის ადმინისტრაციას და ვნახეთ დოკუმენტაცია. ჩვენ მიგვაქვს მასალები უკრაინაში და 10 დღეში გვექნება მზად ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა მომხდარი ფაქტის მიზეზი და როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა შახტში. თუმცა, ჩვენ ვერ დავდებთ დასკვნას. ეს მხოლოდ სამართალდამცველების პრეროგატივაა“, – განაცხადა პირველ არხთან უკრაინელმა სამთო ექსპერტმა ვიაჩისლავ კოროლმა.
უკრაინელმა ექსპერტებმა ტყიბული უკვე დატოვეს, საქართველოდან უკრაინაში კი ხვალ გაემგზავრებიან.
ტყიბულში მინდელის შახტის დასათვალიერებლად უკრაინელი ექსპერტები გუშინ ჩავიდნენ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მომხდარ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.