უძველესი დნმ-ის ანალიზებით, მაიას ცივილიზაციის ადამიანთა მსხვერპლშეწირვის რიტუალების დეტალები გაარკვიეს — #1tvმეცნიერება
უძველესი დნმ-ის ანალიზებით, მაიას ცივილიზაციის ადამიანთა მსხვერპლშეწირვის რიტუალების დეტალები გაარკვიეს — #1tvმეცნიერება

როგორც ირკვევა, მაიას იმპერიაში მსხვერპლად შესაწირ ბავშვებს ძლიერ ფრთხილად არჩევდნენ.

მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართა მიერ ჩატარებული უძველესი დნმ-ის ახალი ანალიზების მიხედვით, შერჩეულ მსხვერპლებს რაღაც საერთო ჰქონდათ. მიწისქვეშა კამერაში (რასაც ჩულტუნს უწოდებდნენ) აღმოჩენილი 64 ინდივიდის ნაშთები პატარა ბიჭებს ეკუთვნის და მრავალი მათგანი ერთმანეთის ახლო ნათესავი ყოფილა. მათგან ორი წყვილი იდენტური ტყუპია.

ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მსხვერპლად ძირითადად ახალგაზრდა გოგონებს სწირავდნენ. აღმოჩენა მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე ძეგლ ჩიჩენ-იცაზე გაკეთდა.

„ბიჭების ერთნაირი ასაკი და კვების რაციონი, ახლო გენეტიკური ნათესაობა და ის ფაქტი, რომ ისინი 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იყვნენ დაკრძალული, მიუთითებს, რომ ჩულტუნი მსხვერპლშეწირვის შემდეგ დასაკრძალი ადგილი იყო და მსხვერპლად შესაწირ ინდივიდებს კონკრეტული მიზეზით არჩევდნენ“, — ამბობს არქეოლოგი ოანა დელ კასტილიო-ჩავესი.

ჩულტუნში მოთავსებული ბავშვების ტრაგიკული ბედის შესახებ 1967 წლიდან ვიცით, როდესაც გათხრებისას ეს კამერა და მისი შემზარავი საიდუმლო აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ის ერთ დროს წყლის ავზი იყო, შემდეგ გაუფართოებიათ და ახლომდებარე მღვიმისთვის მიუბამთ. როგორც წესი, მღვიმეები რიტუალურ მსხვერპლშეწირვასთან იყო დაკავშირებული.

კამერაში ასზე მეტი ბავშვის სხეულის ნარჩენია. თუმცა, ძვლების ჩამოუყალიბებელი ფორმების გამო, ბავშვების სქესის დადგენა რთულია; შესაბამისად, უცვლელი რჩებოდა მოსაზრება, რომ მსხვერპლები მდედრობითი სქესის იყვნენ.

თუმცა, ბოლო დროს გაჩნდა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ სულ მცირე რამდენიმე მსხვერპლი ბიჭია. უფრო დახვეწილი ტექნოლოგიების გამოყენებით, მკვლევრებმა დნმ-ის ნიმუშების აღება და გაშიფვრა (სეკვენირება) მოახერხეს, რაც ადრე შეუძლებელი იყო.

მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც იმუნოგენეტიკოსი როდრიგო ბარკერა ხელმძღვანელობდა, ჩიჩენ-იცას ძვლების შესწავლა გადაწყვიტა, რათა საბოლოოდ დაედგინა იმ ბავშვების ამბავი, რომლებსაც ისინი ეკუთვნოდა.

პირველი ნაბიჯი იყო დათარიღება. ამით დადგინდა, რომ ჩულტუნი ადამიანების დასაკრძალად 500 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, მე-7 საუკუნიდან მე-12 საუკუნემდე. თუმცა, ძვლების უმეტესობა 200-წლიან პერიოდშია მოთავსებული, ახ. წ. 800 – 1000 წლებს შორის, როცა ჩიჩენ-იცას კულტურის ზეობის პიკი იდგა.

ამის შემდეგ, მკვლევრებმა ანალიზი 64 ინდივიდის ძვლებს ჩაუტარეს. მათ შორის, გენეტიკური ანალიზები და ძვლებიდან აღებული კოლაგენის იზოტოპური პროპორციების ანალიზი.

იზოტოპების ანალიზმა ცხადყო არა მხოლოდ ის, თუ რას ჭამდნენ ბავშვები, არამედ ამ საკვების წყაროც. წინა კვლევები ვარაუდობდა, რომ ზოგიერთი ბავშვი სხვადასხვა ადგილიდან იყო მოყვანილი და შესაბამისად, მკვლევრებს სურდათ სცოდნოდათ, ზუსტად საიდან. ვინაიდან მათ რაციონში არსებული ისეთი ელემენტები, როგორებიცაა ნახშირბადი და აზოტი ჩაანაცვლებდა კოლაგენის წარმომქმნელ ზოგიერთ მასალას, ამ იზოტოპთა პროპორცია მათ ნაშთებში შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო სურსათის წყაროს ადგილმდებარეობასთან.

დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ის, რომ ყველა ბავშვი ჭამდა საკვებს, რომლებიც ადგილობრივადაც უნდა ყოფილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ადგილობრივი საზოგადოებებიდან უნდა ყოფილიყო.

თუმცა, ამბავი წინ კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი იყო. შემოწმებული ყველა ტესტი ბიჭებს ეკუთვნოდა და თანაც, მათი სულ მცირე მეოთხედი ერთმანეთთან ახლო კავშირში იყო, ერთნაირი კვების რაციონით, რაც მიუთითებს, რომ ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ.

„ყველაზე მოულოდნელი ისაა, რომ გამოვავლინეთ ორი წყვილი იდენტური ტყუპი“, — ამბობს მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის არქეოგენეტიკოსი კეტრინ ნაგელე.

მკვლევართა განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბიჭებს წყვილებში არჩევდნენ რიტუალებისთვის და ალბათ, ტყუპები განსაკუთრებით სასურველი იყო. იდენტური ტყუპის დაბადების შანსი ზოგად მოსახლეობაში 0,4 პროცენტია; შესაბამისად, ჩულტუნში აღმოჩენილ იდენტურ ტყუპთა ორი წყვილი იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება ველოდეთ.

მაიას წმინდა წიგნში, რომელსაც პოპოლ-ვუჰს უწოდებდნენ, აღწერილია გმირი ტყუპების, ჰუნაჰპუსა და შბალანკეს ამბავი, რომლებიც შურს იძიებდნენ მსხვერპლად შეწირული მამისა და ბიძის, ასევე იდენტური ტუპების გამო. ამისათვის ისინი მსხვერპლშეწირვისა და აღდგენის რიტუალთა განუწყვეტელ ციკლებს ატარებდნენ, რათა მიწისქვეშეთის ღმერთები მოეტყუებინათ.

„XX საუკუნის დასაწყისში პოპულარული იყო მცდარი ამბავი, რომ ამ ძეგლზე მსხვერპლად ქალებსა და გოგონებს სწირავდნენ. საერთაშორისო თანამშრომლობით ჩატარებულმა ჩვენმა კვლევამ ეს ამბავი თავდაყირა დააყენა და გამოავლინა ახლო კავშირი რიტუალურ მსხვერპლშეწირვასა და ადამიანის სიკვდილისა და ხელახლა დაბადების ციკლებს შორის, როგორც ეს მაიას ტექსტებშია აღწერილი“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კრისტინა ვარინერი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია mpg.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.