უჩა ნანუაშვილი - სასტუმროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ პერსონალი, არამედ - სახელმწიფოც
უჩა ნანუაშვილი - სასტუმროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ პერსონალი, არამედ - სახელმწიფოც

სასტუმროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ პერსონალი, არამედ – სახელმწიფოც, – ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარს. უჩა ნანუაშვილი გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს, ხოლო დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

„როგორც ცნობილი გახდა, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. პირველ რიგში, გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს, გათვალისწინებული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მშენებლობის პროექტის დამტკიცებისას, მოთხოვნილი იყო თუ არა აღნიშნული წესების დაცვა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ.

თუკი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მოთხოვნილი არ იყო, ანდა მოთხოვნის მიუხედავად, გათვალისწინებული არ ყოფილა, უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც სასტუმროს მშენებლობისა და ფუნქციონირების ნებართვა გასცა.

საქართველოს სახალხო დამცველი აქამდეც არაერთხელ მოუწოდებდა ხელისუფლებას სახანძრო უასფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ. სასტუმროს უსაფრთხო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ – სახელმწიფოც.

აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, რათა უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი.

საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას და იმედს გამოთქვამს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგები ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.

ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.