ტყიბულის რაიონული საავადმყოფოდან თბილისის დამწვრობის ცენტრში სამი მეშახტე გადაჰყავთ
მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში ხუთი მეშახტე შეიყვანეს.
როგორც პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა განუცხადა, ერთი პაციენტი თბილისში, დამწვრობის ცენტრში უკვე გადაიყვანეს, ერთ მათგანი დედაქალაქში ამ წუთებში მიჰყავთ. იური ელიაშვილის ცნობით, კიდევ ერთ დაშავებულს დამწვრობის ცენტრში მალე გადაიყვანენ.
მისივე ცნობით, ერთი პაციენტი სახლში უკვე გაწერეს.
„სამი მეშახტე შოკურ მდგომარეობაში იყო. პაციენტებს დამწვრობის გარდა აქვთ სხეულის სხვადასხვა მსუბუქი დაზიანებები. მთავარი პრობლემა არის დამწვრობა“,-განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა.
მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.