„ტესლას“ ქარხანაზე კიბერშეტევის მცდელობის გამო, რუსეთის მოქალაქეს ათი თვით პატიმრობა მიუსაჯეს
„ტესლას“ ქარხანაზე კიბერშეტევის მცდელობის გამო, რუსეთის მოქალაქეს ათი თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ავტომწარმოებელ „ტესლას“ ქარხანაზე კიბერშეტევის მცდელობის გამო, რუსეთის მოქალაქეს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც  მედია იუწყება, ეგორ კრიუჩკოვს ბრალი კომპანიის კომპიუტერულ ქსელში შეღწევის მცდელობასა და ტექნოლოგიური საიდუმლოებების მოპარვაში დასდეს.

27 წლის კრიუჩკოვი შარშან, აგვისტოში ლოს ანჯელესში დააკავეს. ის სასამართლოსთან მორიგებას დათანხმდა და პროცესის მიმდინარეობისას მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, რუსეთის მოქალაქემ „ტესლას“ ქარხნის თანამშრომელს 500 ათასი დოლარი შესთავაზა და სანაცვლოდ ქარხნის კომპიუტერულ ქსელში სპეციალური ჯაშუშური პროგრამის დაყენებას სთხოვდა, რომელიც მას საშუალებას მისცემდა, კომპანიის ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია მიეღო და შემდეგ გამოსასყიდი მოეთხოვა.

ამ შეთავაზების შესახებ „ტესლას“ თანამშრომელმა ქარხნის ხელმძღვანელობას შეატყობინა. საქმეს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იკვლევდა. კრიუჩკოვს 10-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ სამშობლოში დეპორტაცია ელის.