მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის უწყებისა და ქვეყნის ორი მსხვილი ბანკის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის უწყებისა და ქვეყნის ორი მსხვილი ბანკის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ორი ყველაზე მსხვილი ბანკის – „პრივატბანკისა“ და „ოშადბანკის“ ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

კიბერთავდასხმების შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრს, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, არ დაუსახელებია, ვის ადანაშაულებს კიბერთავდასხმაში, თუმცა მინიშნება გაკეთდა რუსეთზე.

„არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა პატარა ბინძური ხრიკების ტაქტიკა გამოიყენა, რადგან მისი აგრესიული გეგმები ფართო მასშტაბით არ მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გაავრცელა განცხადება, რომ ვებგვერდზე წვდომა ნამდვილად შეფერხებულია და თავდაცვის სამინისტრო ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობს.

ამასთან, „სიენენის“ ინფორმაციით, ამჟამად აღდგენილია ბანკების ვებგვერდების მუშაობა.