შსს-მ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
შსს-მ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

285-ე მუხლი კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა, მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შეძენა, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს. 286-ე მუხლი კი, კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანებას, წაშლას, შეცვლას ან დაფარვას ითვალისწინებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდი https://booking.moh.gov.ge დღეს დილიდან არ მუშაობს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე კიბერშეტევა განხორციელდა და პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობენ.