ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია შვიდ ძირითად მიმართულებას ეფუძნება
ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია შვიდ ძირითად მიმართულებას ეფუძნება

საქართველოს მთავრობის სტრატეგიის შესაბამისად, ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული ხედვა შვიდ ძირითად მიმართულებას ეფუძნება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს მიმართულებებია: ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, პრევენცია, დაცვა, მზადყოფნა, დევნა, სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა.

„ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის მიმართულება მიზნად ისახავს, რომ სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით ყურადღების მიღმა არ დარჩეს ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ხოლო ანალიზზე დაყრდნობით სახელმწიფო განსაზღვრავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს პრევენციის, დაცვის, მზადყოფნისა და დევნის მიმართულებით.

საქართველოს სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას პრიორიტეტული ადგილი უკავია. შესაბამისად, პრევენციის კომპონენტს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, საქართველო განავითარებს დაცვით შესაძლებლობებს, რათა შეამციროს ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმის განხორციელების საფრთხე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სახელმწიფო ტერორისტული თავდასხმისგან დაზღვეული არ არის. შესაბამისად, წინამდებარე სტრატეგია მიზნად ისახავს მზადყოფნის კომპონენტის განვითარებას.

ტერორისტული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სახელმწიფო აღასრულებს მართლმსაჯულებას. შესაბამისი უწყებების აქტიური მონაწილეობით განვითარდება დევნის სამართლებრივი მექანიზმები. სახელმწიფო უზრუნველყოფს, გამოძიების შედეგად გამოავლინოს და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს ტერორიზმის მიზნით ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირებს.

ტერორისტულ და ექსტრემისტულ გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებისთვის სახელმწიფოს მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მოქნილი და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული კანონმდებლობის შემუშავება.

სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ტერორისტული და ექსტრემისტული გამოწვევები მჭიდროდ არის დაკავშირებული აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. შესაბამისად, სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ტერორიზმის/ექსტრემიზმისა და მისი ყველა გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

აღნიშნული სტრატეგიისა და კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელებისას სახელმწიფო ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს: 1. კანონიერება და სამართლის უზენაესობა. 2. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა და პატივისცემა. 3. დისკრიმინაციის დაუშვებლობა. 4. ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულობა. 5. სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა შესაძლებლობების კომპლექსური გამოყენება. 6. ტერორისტული ხასიათის დანაშაულის მოსალოდნელი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოება. 7. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალებისა და საშუალებების ერთიანი ხელმძღვანელობა. 8. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ტაქტიკისა და ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე აღნიშნული ოპერაციის მონაწილეთა შემადგენლობის გახმაურების დაუშვებლობა. 9. ტერორისტული საქმიანობისთვის სასჯელის გარდაუვალობა. 10. სახელმწიფოებს შორის გამოძიების სპეციალური მეთოდების გამოყენების მიზნით საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის კუთხით სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა. 11. ოპერატიულობა და უწყვეტობა. 12. კონსპირაციის წესის დაცვა. 13. სამოქალაქო ჩართულობა.

 

ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი

სახელმწიფოს მიზანია, ტერორიზმთან, ექსტრემიზმსა და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დროულად მოპოვება, ანალიზისა და მასზე დაყრდნობით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

ამოცანებია – ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი იმ უწყებების მიერ, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ კავშირში არ არის ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის კვლევის მიმართულებით სამეცნიერო, აკადემიურ, ექსპერტულ და სხვა დაინტერესებულ წრეებთან დიალოგი. ამავე მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მოქალაქეების თანამშრომლობის გააქტიურება.

 

პრევენცია 

საქართველოს მიზანია, ტერორისტული/ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელების, რადიკალიზაციის, გადაბირების (რეკრუტირება), ტერორიზმის/ექსტრემიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული თავდასხმების დროული გამოვლენა და მათთან გამკლავება საწყის ეტაპზე.

ამოცანებია – ტერორისტული/ექსტრემისტული ნარატივის დროული გამოვლენა და ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების ხელის შეშლა. მსგავსი იდეოლოგიის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათთან გამკლავების გზების შემუშავება. ტერორისტული/ექსტრემისტული მიზნებისთვის რელიგიის გამოყენების ხელის შეშლა. ტერორისტული/ექსტრემისტული იდეების გავრცელების თვალსაზრისით მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და მათი მონაწილეობით სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელება. ტერორიზმში ბრალდებულთა დერადიკალიზაცია და რესოციალიზაცია. ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქალებისა და გოგონების წინაშე მდგარი გამოწვევების შესწავლა. რადიკალიზაციის პრევენციის, დერადიკალიზაციისა და რესოციალიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებული მიდგომების შემუშავება ბავშვებისა და მოზარდების მიმართ. ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაპირისპირება და ამ მიზნით უცხოეთიდან შემოსულ საეჭვო თანხებზე კონტროლის გამკაცრება.

 

დაცვა

სახელმწიფოს მიზანია საკუთარი მოსახლეობის, სახელმწიფო საზღვრის, სამოქალაქო ავიაციის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, საზოგადოების მასობრივი თავშეყრის ადგილებისა და კიბერსივრცის დაცვა ტერორისტული/ექსტრემისტული აქტივობებისა და თავდასხმებისგან.

ამოცანებია – ქვეყნის საზღვრებზე ტერორისტების, ექსტრემისტებისა და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირების გადაადგილების აღკვეთა. სახმელეთო საზღვრის, საზღვაო და საჰაერო სივრცის დაცვის, ასევე სასაზღვრო-საიმიგრაციო კონტროლის შესაძლებლობა. ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის შესაძლებლობების გაუმჯობესება. ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და შეთანხმებების დაცვით, შესაბამისი დაცვითი ღონისძიებების გატარება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიმდებარედ. საქართველოს აეროპორტებში რისკებზე დაფუძნებული შემოწმების სისტემების დახვეწა. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების/სუბიექტების მიმართ ტერორისტული საფრთხეებისგან დაცვის სპეციალური მექანიზმების შემუშავება. საზოგადოების მასობრივი თავშეყრის ადგილების ტერორისტული თავდასხმებისგან დაცვის სპეციალური მექანიზმების შემუშავება. კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული შესაძლებლობების განვითარება. ინტერნეტსივრცის დაცვა ტერორისტული და ექსტრემისტული იდეების გავრცელებისა და ძალადობრივი მოწოდებებისგან.

 

მზადყოფნა

საქართველოს მიზანია, ტერორისტული თავდასხმის შედეგებთან, მიყენებულ ან მოსალოდნელ ზიანთან, ასევე ტერორისტული აქტის შემდეგ შექმნილ ვითარებასთან სწრაფი და ეფექტური გამკლავება.

ამოცანებია, კონტრტერორისტული საქმიანობის მიმართულებით უწყებათაშორისი კოორდინაციის განვითარება. ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებებისა და პირველად რეაგირების ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერება. ტერორისტული თავდასხმისას და შემდეგ, ასევე კონტრტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ტერორისტული თავდასხმის საფრთხის ქვეშ მყოფი ჯგუფების დადგენა და მათთან უშუალო კომუნიკაციით თავდასხმის ალბათობის განსაზღვრა. კონფლიქტის ზონიდან დაბრუნებული შესაძლო ტერორისტი მებრძოლების დადგენა და მათ მიერ თავდასხმის განხორციელების ალბათობის განსაზღვრა.

 

დევნა

საქართველოს მიზანია მართლმსაჯულების აღსრულება და დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება.

ამოცანებია – სწრაფი, ეფექტური და ობიექტური გამოძიების წარმოება. დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. ტერორიზმთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვების დროს განსაკუთრებული სამართლებრივი რეგულაციების დადგენა.

 

სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს განვითარება

სახელმწიფოს მიზანია, ჰქონდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მოქნილი და თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული კანონმდებლობა.

ამოცანებია – მზარდი და ცვალებადი ტერორისტული საფრთხეების საპასუხოდ, არსებული ნორმატიული ბაზის ანალიზი და შემდგომი განვითარება. სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და კონტროლის, სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოების, მიგრაციის, მოქალაქეობის მინიჭების, თავშესაფრის სისტემისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობის სრულყოფა. ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული სამართლებრივი ბაზის შემდგომი სრულყოფა.

 

საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველოს მიზანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ტერორიზმის/ექსტრემიზმისა და მისი ყველა გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ამოცანებია – ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებთან შეერთება. საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ევროპოლსა და მის შესაბამის სტრუქტურებთან, ასევე ევროჯასტთან თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. ინტერპოლის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის გაღრმავება. პარტნიორი და მეზობელი ქვეყნების სათანადო სამსახურებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი მექანიზმების განვითარება. საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, ტერორიზმის პრევენციისა და მასთან ბრძოლის სფეროში შესაბამისი უწყებების შესაძლებლობათა გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა.

სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.

გარდა ამისა, სტრატეგიის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი.