პრემიერის მრჩეველი - ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2022-2030 წლებს მოიცავს, კომპლექსური დოკუმენტია და ადამიანის უფლებების ყველა ძირითად მიმართულებას ფარავს
პრემიერის მრჩეველი - ეროვნული სტრატეგია, რომელიც 2022-2030 წლებს მოიცავს, კომპლექსური დოკუმენტია და ადამიანის უფლებების ყველა ძირითად მიმართულებას ფარავს

ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ნიკო თათულაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც 2022-2030 წლებს მოიცავს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა.

მისივე განმარტებით, სტრატეგია ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება.

„ბოლო პერიოდში მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე. პირველი სტრატეგია ფარავდა 2014-2020 წლებს, ახლა უკვე დღეს დამტკიცდა ახალი სტრატეგია, რომელიც დაფარავს 2022-2030 წლებს. ამ სტრატეგიაზე მუშაობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ გაერო-ს სააგენტოები. კერძოდ, გაერო-ს განვითარების პროგრამა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში და მათი ექსპერტები, ასევე ინტენსიური განხილვები მიდიოდა შესაბამის უწყებებთან, რომლებსაც ევალებათ, რომ აღნიშნული სტრატეგია შემდეგ უკვე გადაიტანონ პრაქტიკაში. საბოლოო სახით დღეს დავამტკიცეთ ეს სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია უკვე გადაეგზავნება პარლამენტს და პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, აქტიურად დავიწყებთ მუშაობას სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სტრატეგიის ძირითად პრიორიტეტებს და მიმართულებებს გადაიტანს პრაქტიკაში, როგორც რეგიონებში, ასევე ცენტრალურ დონეზე.

სტრატეგიას აქვს ოთხი ძირითადი მიმართულება – სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ისევე როგორც მართლმსაჯულების საკითხები არის პირველი პრიორიტეტი. შემდეგი პრიორიტეტია სოციალური და ეკონომიკური უფლებები, მესამე პრიორიტეტი ფარავს თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებას, მეოთხე პრიორიტეტი არის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა.

სტრატეგია არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი და ფაქტობრივად ადამიანის უფლებების ყველა ძირითად მიმართულებას ფარავს, როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ, სამოქალაქო უფლებების ნაწილში და თავის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ძირითადი პრიორიტეტები, რაც განსაზღვრულია სტრატეგიით, შემდეგ უნდა გადაითარგმნოს კონკრეტულ აქტივობებში. კონკრეტული აქტივობები ასევე რთული პროცესი იქნება, ამ კონკრეტულ აქტივობებზე შეთანხმება კომპლექსური პროცესი იქნება, რადგან ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებები. მათთან ერთად გადაწყდება, რა კონკრეტული აქტივობა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ აღნიშნული პრიორიტეტები პრაქტიკაში განხორციელდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა.