მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ეროვნული განვითარების სტრატეგია ქმნის მყარ საფუძველს ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ეროვნული განვითარების სტრატეგია ქმნის მყარ საფუძველს ქვეყნის წარმატებული მომავლისთვის, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის განცხადებით, საქართველოს განვითარების სტრატეგია, ხედვა 2030 წარმოადგენს გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მდგრადი განვითარების ყველა ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს.

მისივე განმარტებით, სტრატეგიაში განსაზღვრული მიზნების მიღწევას და ამოცანების განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს ქვეყნის განვითარებისა და უწყებათაშორისი რეფორმების საბჭო, რომელსაც ხელმაძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.

„მთავრობამ დღეს დაამტკიცა მთავრობის დადგენილების პროექტი საქართველოს განვითარების სტრატეგია, ხედვა 2030, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტს, მთავრობის ერთიან ხედვას და მდგრადი განვითარების ყველა ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს. სტრატეგია ამკვიდრებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოების პრინციპებს. ის მოიცავს თითოეულ სექტორში არსებული ვითარების ანალიზს და ახდენს პრობლემების და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას. ასევე, დოკუმენტი განსაზღვრავს ამ პრობლემათა გადაჭრის მიზნით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს. სტრატეგიაში მოცემულია ლოგიკური ჩარჩო, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიის ხერხემალს და მისი განხორციელების მთავარ მატრიცას, სადაც წარმოდგენილია ინდიკატორები პროგრესის გასაზომად, როგორც შუალედური პერიოდისთვის, ისე სამიზნე 2030 წლისთვის. გარდა ამისა, შემუშავებულია მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო. სტრატეგიაში განსაზღვრული მიზნების მიღწევას და ამოცანების განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს ქვეყნის განვითარებისა და უწყებათაშორისი რეფორმების საბჭო, რომელსაც ხელმაძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.

სტრატეგიის შესაბამისად, მთავრობა 2030 წლისთვის გაატარებს რეფორმებს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის განვითარება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება. დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს და გაერო-ს 2030 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტებს. სტრატეგია სრულად შეესაბამება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგს და ასოცირების შეთანხმების პრინციპებს. ეროვნული განვითარების სტრატეგია ქმნის მყარ საფუძველს მომდევნო წლებში ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი პროგრესისა და წარმატებული მომავლისთვის, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან. დოკუმენტი იქნება საჯარო. ჩვენ დაგვრჩა ტექნიკური დეტალები, ვმუშაობთ კორექტირების პროცესზე და ვვარაუდობთ, რომ შემდეგი კვირისთვის საჯარო იქნება“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ.