სუს-ში აცხადებენ, რომ 2018 წელს საქართველოში ​მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები
სუს-ში აცხადებენ, რომ 2018 წელს საქართველოში ​მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ეფექტური საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.​

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების ჩართულობით, შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სტრატეგიის სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

„სტრატეგიაში ნათლად არის წარმოდგენილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ეფექტური საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნული დადებითად არის ასახული გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, – აცხადებენ სუს-ში.