სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად რჩება
სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად რჩება

საქართველო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.

„2020 წელს საქართველო აგრძელებდა აქტიურ თანამშრომლობას მრავალ კონტრტერორისტულ საკითხზე. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, საქართველო შეზღუდული რაოდენობის ტრენინგებში მონაწილეობდა აშშ-სთან ერთად, მაგრამ რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში.

საქართველომ ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლა საქართველოს ერთი მოქალაქე, მისი მონაწილეობის გამო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ აქტივობებში საზღვარგარეთ. საქართველომ დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, განამტკიცა საზღვრების დაცვის ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2020 წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტი არ მომხდარა.

„საქართველოს ზოგადად შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და უპასუხოს ტერორისტულ ინციდენტებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მანდატი ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების გამოსაძიებლად და მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრთან, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებთან და პროკურატურასთან.

საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური ზოგადად სათანადოდ არის აღჭურვილი და გავლილი აქვს ტრენინგი. იანვარში, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა დააფუძნა ტრენინგების ცენტრი, რომელიც ტრენინგებს ატარებს ტერორიზმთან ბრძოლაში, ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გასამკლავებლად. 2019-2021 წლის ტერორიზმთან ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგია რჩება საქართველოს სახელმძღვანელო დოკუმენტად ტერორიზმთან ბრძოლაში. უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობით მომუშავე მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია პასუხისმგებელია ამ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ზედამხედველობაზე. საქართველო 2020 წელს მუშაობდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების შემცირების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 2020 წლის ბოლოს უწყებათაშორისი კომისიის დამტკიცების ეტაპამდე მივიდა. სტრატეგია დამტკიცებული იქნება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა“, – ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს საქართველო მუშაობდა საზღვრის, ავია და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და კანონმდებლობის დახვეწის გზით.

„საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საზღვრის დაცვის სამსახური კარგად არის ორგანიზებული და მაღალკვალიფიციურია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ დაასრულა ინფრასტრუქტურული პროექტები რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან საზღვრის გასწვრივ, რომლის ფარგლებშიც გაიზრდება ყოველწლიური პატრულირება, დაზვერვისა და შეკავების შესაძლებლობები.

„საქართველომ ასევე დაამონტაჟა ვიდეომეთვალყურეობისა და მონიტორინგის სისტემა აზერბაიჯანთან საზღვრის სექტორზე და დაიმატა ვერტმფრენები და მანქანები. დაახლოებით 350-მა ქართველმა მესაზღვრემ და პოლიციელმა გაიარა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიმინალური გამოძიების დიპლომატიური უსაფრთხოების ოფისის ტრენინგები ტერორიზმთან ბრძოლის ტაქტიკაში“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველო ასევე მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო ტრენინგშიც და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მუშაობს საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან, რათა განამტკიცოს მისი შესაძლებლობა, გაუმკლავდეს სხვადასხვა სახის კონტრაბანდას.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საქართველო მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ავიაგადამზიდავებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა განაგრძოს მგზავრთა იდენტიფიკაციის სისტემების დანერგვა. 2020 წელს საქართველომ მიიღო უპილოტო საავიაციო სისტემების გამოყენებისთვის საჭირო კანონმდებლობა, რათა დაიცვას საჰაერო სივრცე.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის გამო საზღვრების ჩაკეტვამ, საქართველოსა და მისი ტერიტორიის გავლით, ტერორისტებისა და ტერორიზმში ეჭვმიტანილების გადაადგილების შეზღუდვას შეუწყო ხელი.

„2020 წელს საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ გაემგზავრა სირიაში ან ერაყში ტერორისტული საქმიანობის მიზნით. საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ამოწმებდნენ ინდივიდუალურ პირებს, მანქანებს და სამგზავრო დოკუმენტებს ადგილობრივი და ინტერპოლის მონაცემთა ბაზებში. მაისში საქართველოს მოქალაქე ცეზარ თოხოსაშვილი იყო ექსტრადირებული საქართველოში უკრაინიდან. ის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ აქტივობებში იყო ჩართული. თოხოსაშვილი გასამართლდა ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო და ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ, ასევე, ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლას და აღნიშნულია ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

დატოვე კომენტარი