სუს-ის ცნობით, ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობები მნიშვნელოვნად შემცირდა
სუს-ის ცნობით, ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობები მნიშვნელოვნად შემცირდა

2018 წელს სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

„აღნიშნულის მიუხედავად, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს. ტერორიზმთან დაკავშირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება, ასევე ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის კვეთის მუდმივი მონიტორინგი. მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მოსახვედრად იქნეს გამოყენებული. ამ მიმართულებით საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილების თვალსაზრისით უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების განსაკუთრებული აქტივობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული და ექსტრემისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქმიანობას.

„აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს გამოვლენილია რამდენიმე პირი. მათ მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – აღნიშნავენ სუს-ში.