ტერორის 6 წუთი — როგორ დაჯდება NASA-ს ხომალდი InSight-ი მარსზე 26 ნოემბერს
ტერორის 6 წუთი — როგორ დაჯდება NASA-ს ხომალდი InSight-ი მარსზე 26 ნოემბერს

დაახლოებით სამ კვირაში, მარსზე NASA-ს მისია InSight-ი დაეშვება, რომელიც აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს 850$ მილიონი დაუჯდა.

2004 წლის იანვარში წითელ პლანეტაზე დასხდნენ NASA-ს მავალები — Spirit-ი და Opportunity, 2008 წლის მაისში Phoenix-ი, 2012 წლის აგვისტოში კი Curiosity. InSight-ი მარსის ატმოსფეროში 2018 წლის 26 ნოემბერს შევა. მისია 5 მაისს გაეშვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს წარსულში უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ, მარსზე დაჯდომა რთულია და გამონაკლისი არც ეს მისიაა. ატმოსფეროდან ზედაპირამდე ჩასაღწევად, ათასი სხვადასხვა ქმედებაა საჭირო და მისიის წარმატებისათვის, ყველა მათგანი უბადლოდ უნდა შესრულდეს“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის უფროსი ინჟინერი რობ მენინგი.

მენინგი დაინტერესებულ საზოგადოებას ამ პროცესის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს აცნობს, რაც გადამზიდავი რაკეტისგან InSight-ის კაფსულის გამოყოფით იწყება.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ეს გამოყოფა მარსის ატმოსფეროში შესვლამდე შვიდი წუთით ადრე მოხდება. ამის შემდეგ, InSight-მა ისეთი პოზიცია უნდა დაიკავოს, რომ ატმოსფეროში 12 გრადუსიანი კუთხით შევიდეს.

მენინგის თქმით, უფრო მკვეთრი კუთხის შემთხვევაში, ხომალდი ატმოსფეროს უფრო სქელ ნაწილს დაარტყამს და დაიწვება.

როცა კაფსულა ჰაერში შეიჭრება, მისი სიცხისგან დამცავი ფარი 1000 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელდება. მარსის ჰაერში 2-წუთიანი ასეთი მოგზაურობის შემდეგ, InSight-ის სიჩქარე 20 900 კმ/სთ-დან 1600 კმ/სთ-მდე შემცირდება.

ამის შემდეგ, InSight-ი უკვე მზად იქნება ზებგერითი პარაშუტის გასახსნელად. ეს ქმედება ზედაპირიდან 16 კმ სიმაღლეზე მოხდება. ამ მომენტიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, აენთება ექვსი პიროტექნიკული მოწყობილობა, რომლებიც InSight-ს სიცხისგან დამცავ ფარს მოაცლიან.

ათი წამის შემდეგ, ექვსი მინი-აფეთქების შედეგად, გაიშლება InSight-ის დასაჯდომი ფეხები. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ, ხომალდი რადარულ პულსებს გაუშვებს, რათა გამოთვალოს ზედაპირიდან სიმაღლე და სიჩქარე.

მენინგის თქმით, როცა InSight-ი მარსის ზედაპირიდან 1,6 კმ სიმაღლეზე იქნება, ხომალდი პარაშუტს მოსწყდება და ჩართავს დაშვების ძრავებს. იმისათვის, რათა თავიდან აიცილოს პარაშუტის დაცემა, InSight-ი ძალიან სწრაფ ბზრიალს დაიწყებს.

ამის შემდეგ მოდის თავად დაჯდომა ბრტყელ ვაკეზე, მარსის ეკვატორის ჩრდილოეთით.

მენინგის განცხადებით, ბოლო ნაბიჯი იქნება ძრავების გათიშვა ზედაპირთან შეხებისთანავე. თუ ასე არ მოხდება, მავალი გადაყირავდება.

NASA-ს თქმით, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფი თანმიმდევრობით მოხდება. InSight-ის მთელი ტურნე მარსის ჰაერში, ატმოსფეროში შესვლიდან ზედაპირთან შეხებამდე 6 წუთს გაგრძელდება.

ამის შემდეგ უკვე მავალის მუშაობის დრო დგება. InSight-ი აღჭურვილია ორი ძირითადი სამეცნიერო ინსტრუმენტით — მბურღავი სიცხის ზონდით და უზუსტესი სეისმომეტრებით.

მარსზე კვლევებს ხომალდი ორი წლის განმავლობაში გააგრძელებს. შეგროვებული მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება, უკეთ შეისწავლონ მარსის წიაღის შემადგენლობა და სტრუქტურა, ასევე გაარკვიონ, როგორ წარმოიქმნება და ვითარდება კლდოვანი პლანეტები. გარდა ამისა, რადიო-სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის InSight-ი ასევე გამოიყენებს თავის საკომუნიკაციო ხელსაწყოს, რამაც საკვანძო ცნობები უნდა მოგვცეს მარსის ბირთვის შესახებ.

InSight-თან ერთად, NASA-მ მასისკენ ასევე გაუშვა ჩემოდნის ზომის ორი ხომალდი, MarCO-A და MarCO-B. მათი მთავარი მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ პლანეტათშორისი სივრცის კვლევა ასეთ ციცქნა ხომალდებსაც შეუძლიათ.

გარდა ამისა, ეს ორი ხომალდი ასევე შეეცდება დედამიწაზე გადმოსცეს დაჯდომის პროცესში InSight-ისგან მიღებული მონაცემები. თუმცა, ამ სამუშაოს ასევე შეასრულებს NASA-ს კიდევ ერთი ხომალდი, Mars Reconnaissance Orbiter-ი, რომელიც წითელი პლანეტის ორბიტაზე მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ InSight-ი სწორედ ის ხომალდია, რომელმაც მიკროჩიპით მარსზე 2,4 მილიონი ადამიანის გვარ-სახელი წაიღო მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან. საკუთარი სახელის დაფიქსირება მსურველებს NASA-ს ვებგვერდზე რამდენიმე თვის განმავლობაში შეეძლოთ.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.