მარსზე რეკორდულად ძლიერი სამი მიწისძვრა დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
მარსზე რეკორდულად ძლიერი სამი მიწისძვრა დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

NASA-ს სტატიკურმა ზონდმა InSight-მა, რომელიც მარსის ზედაპირზე 2018 წლის ბოლოს დაჯდა, წითელ პლანეტაზე სამი ამ დროისათვის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დააფიქსირა.

25 აგვისტოს, InSight-მა ორი ბიძგი დააფიქსირა, 4,1 და 4,2 მაგნიტუდის. შემდეგ, 18 სექტემბერს, მარსზე ყოფნის მე-1000 დღეს, ხომალდმა კიდევ ერთი, ისევ 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღრიცხა.

წინა რეკორდი, 2019 წელს დაფიქსირებული 3,7 მაგნიტუდის ბიძგები იყო. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში აღრიცხული ბიძგები ყველაზე შორეული იყო ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის და მისი ეპიცენტრი InSight-ისგან 8500 კილომეტრის მოშორებით იყო.

ანალიზები ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ მეცნიერები აღფრთოვანებული არიან, რომ წითელი პლანეტის წიაღის შესახებ რაღაც ახლის გაგების საშუალება მიეცათ.

„ორი წლის შემდეგაც კი, ამ უნიკალური მახასიათებლების ბიძგებით მარსი რაღაც ახალს გვთავაზობს“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის პლანეტური გეოფიზიკოსი ბრიუს ბანერდტი.

InSight-ი მარსის ზედაპირზე მოთავსებული სტაციონარული ზონდია და მისი ძირითადი დანიშნულება პლანეტის წიაღიდან წამოსული ბიძგების დაფიქსირებაა. 2018 წლიდან დღემდე მან არაერთი ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა.

პირველ რიგში ეს იყო მარსზე ბიძგების პირდაპირი დაფიქსირება. ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იქამდე, მარსი გეოლოგიურად მკვდარ პლანეტად მიიჩნეოდა. ახლა კი უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ მარსის წიაღში იმდენი აქტივობა ნამდვილად მიმდინარეობს, რომ ზედაპირი შეაზანზაროს.

მეორე ის, რომ ბიძგების მონაცემები პლანეტურ მეცნიერებს მარსის წიაღის კვლევის საშუალებას აძლევს. როდესაც მარსის წიაღში აკუსტიკური ტალღები წარმოიქმნება და სხვადასხვა სიმკვრივის მასალაში ვრცელდება, შესაძლებელია ასე მოღწეული სიგნალის გაშიფვრა და იმის გარკვევა, სად რა მასალაა მარსის წიაღში. სწორედ ასე ვიკვლევთ დედამიწის წიაღსაც. ამ გზით, წლის დასაწყისში მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ მარსს აქვს მოსალოდნელზე დიდი, დაბალი სიმკვრივის თხევადი ბირთვი.

ახლახან დაფიქსირებულ ბიძგებს, რა თქმა უნდა, კიდევ რაღაც ახალი შემოაქვს.

პირველ რიგში იმიტომ, რომ InSight-ის მიერ ამ დრომდე დაფიქსირებული თითქმის ყველა დიდი ბიძგი მისგან უფრო ახლოდან მოდიოდა, 1600 კილომეტრში მდებარე რეგიონიდან, რომელსაც ცერებრუს-ფოსაეს უწოდებენ. იქ ნასხლეტების მიერ ქერქის გარღვევით წარმოქმნილი რამდენიმე ნაპრალია. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს რეგიონი ტექტონიკურად და ვულკანურად აქტიური იყო შედარებით ახლო წარსულში, უკანასკნელ 10 მილიონ წელიწადში.

სექტემბრის ბიძგს მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ, რათა ზუსტად განსაზღვრონ აგვისტოს ორი უფრო დიდი ბიძგის ეპიცენტრი. მათი აზრით, ეს გახლავთ სხვა რეგიონი, რომელსაც წარსულის ვულკანური აქტივობის კვალი ატყვია: მარინიერის ხეობა — მასიური კანიონური სისტემა, რომლის სიგრძეც 4000 კილომეტრია. ამ სისტემის ცენტრი InSight-ისგან 9700 კილომეტრში მდებარეობს.

აგვისტოს ბიძგებს განსხვავებული სეისმური პროფილიც ჰქონდა. 4,2-მაგნიტუდიანი ბიძგი ნელი და დაბალი სიხშირის იყო, 4,1-მაგნიტუდიანი კი უფრო სწრაფი და მაღალი. გარდა ამისა, ის მავალთან უფრო ახლისაც იყო, 925 კმ-ში.

სხვადასხვა სეისმური პროფილები შეიძლება მარსის წიაღში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებს ნიშნავდეს და შესაბამისად, უფრო მეტად დაგვეხმაროს მარსის წიაღის სიმკვრივეთა დეტალური რეკონსტრუქციის შექმნაში.

ციცქნა ხომალდ InSight-ს მარსზე დალხენილი „ცხოვრება“ ნამდვილად არ აქვს. ჯერ იყო და პრობლემა შეექმნა მის საბურღ ინსტრუმენტს, რომელსაც სითბური ნაკადების დინება უნდა შეესწავლა. წლის დასაწყისში ის მწყობრიდან გამოსულად გამოაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ მისია კიდევ ორი წლით გააგრძელეს, ხომალდს გარკვეული პრობლემები მაინც აქვს — როდესაც მისი მზის პანელები მტვრით იფარება, ექმნება ენერგიის დეფიციტი.

2021 წლის მაისში, მეცნიერებმა ეს პრობლემა მოხერხებულად გადაჭრეს: ქარიან დღეს, InSight-ი ისე მიმართეს, რომ ქარს მზის პანელებიდან ქვიშა ჩამოებერტყა. ამ მანევრის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ, ხომალდის ელექტრომომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.